ახალი ამბები

სასამართლომ სენაკში შუალედური არჩევნები არ გააუქმა

16 აგვისტო, 2022 •
სასამართლომ სენაკში შუალედური არჩევნები არ გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკის ოლქში შუალედური არჩევნების შესახებ ცესკოს განკარგულება ძალაში დატოვა და მის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

შუალედური არჩევნების ჩატარების შესახებ ცესკოს განკარგულების გაუქმებას ითხოვდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სენაკში უნდა ჩაინიშნოს არა შუალედური არჩევნები ცალკეულ ოლქში, არამედ მთლიანი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

ცესკოს განკარგულებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ ოლქში შუალედური არჩევნები 2022 წლის პირველ ოქტომბერს ჩაინიშნა.

„საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ აქტიურად აკვირდებოდა საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება. ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რაც მისი უფლებამისილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უპირობო საფუძველია“, – აცხადებდა ორგანიზაცია.

საიას მალე უნდა ჩაბარდეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება. ორგანიზაცია გეგმავს, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

სენაკის საკრებულო ერთ-ერთია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰქონდა. 33 წევრისგან შემდგარ სენაკის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ჰყავდა,  „ნაციონალური მოძრაობას“ – 13 წევრი,   „გახარია საქართველოსთვის“ – 4 წევრი. შესაბამისად, სენაკის საკრებულოში უმრავლესობა დამოუკიდებლად არცერთ პარტიას არ აქვს.

პრობლემური ვითარება კი საკრებულოში 3 დეკემბერს, პირველივე სხდომაზე შეიქმნა, როცა პარტიის „საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა, შედეგად კი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა – თითოეულს 16-16 წევრი ჰყავდა, სხდომის გასამართად კი 17 წევრის დასწრება იყო საჭირო.

სწორედ ამ მომენტიდან „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ ხერხდებოდა საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემდა, საკრებულოს სხდომა ჩაეტარებინა და თავმჯდომარეც აერჩია.

ამიტომ 3 ივნისამდე, საკრებულოს არშეკრების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები უნდა გამართულიყო. თუმცა მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა არა საკრებულოს წევრებს, არამედ ცესკოს შეეძლებოდა და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარებაც საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან ამ მოცემულობით ოპოზიციას 17 წევრი ეყოლებოდა, ხოლო “ოცნებას” – 16.

თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვახტანგ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვებამ ვითარება ისევ შეცვალა, რადგან თანაფარდობა კვლავ 16-16-ზე გახდა და ერთი მანდატისთვის ხელახალი არჩევნების გამართვა გახდა საჭირო მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაში “ოცნება” ერთპიროვნულ მმართველობას მოიპოვებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლები მაშინვე აცხადებდნენ, რომ  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, „ერთი კვირის განმავლობაში ვახტანგ წურწუმიაზე იყო ზეწოლა“, მათ შორის, ე.წ „კანონიერ ქურდების“ მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი