ახალი ამბები

საია სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

14 აგვისტო, 2022 • 662
საია სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აცხადებს, რომ სასამართლოსგან სენაკის ოლქში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა ჩაინიშნოს არა შუალედური არჩევნები ცალკეულ ოლქში, არამედ მთლიანი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

2022 წლის პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩაინიშა.

არჩევნების ჩატარება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით სამ საარჩევნო უბანზეა დაგეგმილი.

არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საია წერს, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა, და მოითხოვა მისი ბათილობა.

„საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ აქტიურად აკვირდებოდა საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება. ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რაც მისი უფლებამისილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უპირობო საფუძველია“, – აცხადებს ორგანიზაცია.

საიას თანახმად, სასამართლო სხდომა 2022 წლის 15 აგვისტოს, 16:00-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა.

შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ცესკოს ცნობით, ვახტანგ წურწუმიას, რომელიც სენაკის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.

თავად „ნაციონალური მოძრაობა“ კი წურწუმიას მიერ მანდატის დატოვებას, მმართველი პარტიის მხრიდან დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებდა.

თუმცა სენაკის საკრებულოში პრობლემური ვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თვეების განმავლობაში იყო, რადგან საკრებულო „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ იკრიბებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი