ახალი ამბები

სოც.დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ამ ეტაპზე 14 382 ვაკანსია გამოცხადდა

2 მარტი, 2022 • 5737
სოც.დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ამ ეტაპზე 14 382 ვაკანსია გამოცხადდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში 1 მარტიდან 14 382 ვაკანსია გამოცხადდა.

სამინისტროს თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა 1 მარტიდან დაიწყო და ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია „მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს“.

სამინისტროს თანახმად, „საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია“.

სამუშაოს მომწოდებლები არიან სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს (ნომერზე 15 05).

პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი დახმარება.

მთავრობის თანახმად, 4 წლის განმავლობაში პროგრამაში ჩართული პირის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი არ გადამოწმდება.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავდა.

50 000 დასაქმებული პირველ ეტაპზე მიიღებს ყოველთვიურად დარიცხულ შემწეობას, პლუს  300 ლარს გარკვეულ სამუშაოში. 100-150 მლნ ლარის ბიუჯეტი და შენარჩუნებული სოციალური შემწეობა – ასეთია პირველადი ცნობები პროგრამის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი