ახალი ამბები

გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ხობის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილედ აირჩიეს

12 აგვისტო, 2022 • 1024
გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ხობის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილედ აირჩიეს

გიორგი გახარიას ყოფილი თანაგუნდელი ნუგზარ შუშანია ხობის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილედ აირჩიეს. როგორც ნეტგაზეთს ხობის საკრებულოში განუცხადეს, მას მხარი საკრებულოს 21-მა წევრმა დაუჭირა.

ხობის საკრებულოში პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ფრაქციიდან ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია გუშინ, 11 აგვისტოს, გარიცხეს. მიზეზად პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ „ქართული ოცნების“ მიერ მათი მოსყიდვა და გადაბირება დაასახელა.

ხობის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიას ოთხი წევრი ჰყავდა, პარტიიდან ამ ორი წევრის გამოკლებით კი ხობის საკრებულოში „საქართველოსთვის“ ფრაქცია დაიშალა.

„გუშინ ბრიფინგზე განვაცხადეთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტიის ფრაქციის წევრებს, ნუგზარ შუშანიასა და მაკა ჩარტიას „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფრაქციის დატოვების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდნენ.

ნუგზარ შუშანიას სთავაზობდნენ საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეობას, ხოლო მაკა ჩარტიას- უმუშევარი მეუღლის დასაქმებას. დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ” ნუგზარ შუშანია აირჩია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

პარტიის „საქართველოსთვის“ სახელით ვულოცავთ ნუგზარ შუშანიას ამ თანამდებობას, ვიტოვებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ მაკა ჩარტიას შემთხვევაშიც სწრაფად იმოქმედებს და მასსაც შეუსრულებს დანაპირებს. მოგეხსენებათ, რომ ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია გუშინ გაირიცხნენ პარტიის „საქართველოსთვის“ რიგებიდან“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“.

თავად ნუგზარ შუშანიას თქმით, პარტია იმიტომ დატოვა, რომ გიორგი გახარიასა და მისი გუნდის ნარატივი „ნაციონალური მოძრაობისას“ ემთხვევა.

„ვტოვებ პარტიას საქართველოსთვის და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდის ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, მეტიც, ავსებს ნაცმოძრაობას და ეხმარება მას.

ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით – არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებსთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნუგზარ შუშანიამ.

ხობის საკრებულოში „ოცნების“ გადაბირებული 2 წევრი პარტიიდან გავრიცხეთ – „საქართველოსთვის“

მასალების გადაბეჭდვის წესი