ახალი ამბები

ხობის საკრებულოში „ოცნების“ გადაბირებული 2 წევრი პარტიიდან გავრიცხეთ – „საქართველოსთვის“

11 აგვისტო, 2022 • 821
ხობის საკრებულოში „ოცნების“ გადაბირებული 2 წევრი პარტიიდან გავრიცხეთ – „საქართველოსთვის“

გიორგი გახარაის პარტია, „საქართველოსთვის“, აცხადებს, რომ ხობის საკრებულოში „ქართული ოცნების” მიერ „მოსყიდული და გადაბირებული“ ორი წევრი პარტიიდან გარიცხეს.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ 11 აგვისტოს ბრიფინგზე დაასახელა საკრებულოს ორი წევრი – ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია.

ბერდია სიჭინავას თანახმად, შუშანიას დაჰპირდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, მაკა ჩარტიას კი – მეუღლის დასაქმებას.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ორივე მათგანს. ნუგზარ შუშანიამ განაცხადა, რომ პასუხად თავადაც გამართავს ბრიფინგს, ან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს, ამ ეტაპზე კი თავი შეიკავა კომენტარისაგან. მაკა ჩარტიამ კი გვითხრა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას თანახმად, გარიცხვამდე შუშანიამ და ჩარტიამ საკრებულოში გახარიას პარტიის ფრაქცია თავად დატოვეს.

ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და თქვა, რომ „მაშინ, როდესაც „ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება და ქვეყანა მრავალი თაობის ცივილიზაციური არჩევანის, ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას“ გახარიას პარტიის წინააღმდეგ, „მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით“.

სიჭინავას თქმით, ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს.

„თუმცა გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითები, როგორიცაა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო ეროვნული იდეების გარშემო მხოლოდ საქართველოსთვის შეკრებილ, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ათასობით ადამიანს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ანალოგიურად მკაცრი.

სიჭინავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა“.

„რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რასაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ, ეროვნულ პასუხს გასცემენ“, – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი