ახალი ამბები

მაკფოლი: „გადატვირთვის“ პოლიტიკა რეიგანის პოლიტიკის გაგრძელება იყო

10 აგვისტო, 2022 •
მაკფოლი: „გადატვირთვის“ პოლიტიკა რეიგანის პოლიტიკის გაგრძელება იყო

„რუსეთის კვლევის ცენტრი“ ამერიკის ყოფილ ელჩ მაიკ მაკფოლთან ინტერვიუს ავრცელებს, სადაც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წევრი, მისი აზრით, რუსეთთან დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

პროფესორი მაკფოლის აზრით, ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკა არ ყოფილა უკრაინის და საქართველოს დათმობა. მისი შეფასებით, ეს იყო რეიგანის პოლიტიკის გაგრძელება.

მაკფოლის აზრით, დასავლეთს საქართველოსა და უკრაინისთვის მეტის გაკეთება შეეძლო და შეცდომა იყო, რომ ეს არ მოხდა. თუმცა, მეორე მხრივ, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მიიჩნევს, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამერიკის პოლიტიკა, ეს ვერ შეაჩერებდა რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიისგან:

„შეცდომა იყო დასავლეთის მხრიდან, რომ არ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, როცა ამის შესაძლებლობა გვქონდა ყველა დემოკრატიული, ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის საჭირო სამხედრო დახმარების სახით.

2008-ზე წელზე უკან გახედვაც შეიძლება. ეს სტრატეგიული შეცდომა იყო, რომელსაც დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც უშვებდნენ. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ისეთი ქვეყნების დახმარებას, რომელთაც სურდათ დემოკრატიული ქვეყნები გამხდარიყვნენ. მათ შორის, რუსეთსაც 90-იანებში. ვფიქრობ, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მაშინ რუსეთს სხვა ტიპის ლიდერები მართავდნენ.

როდესაც საქართველოს ოკუპაცია მოხდა, პრეზიდენტი ბუში იყო, მე კამპანიაზე ვმუშაობდი. მან მიიღო გადაწყვეტილება, არ მიეხდინათ რუსეთის სანქცირება. თქვენ გახსოვთ, არავითარი სანქციები ამას არ მოჰყოლია, სამხედრო დახმარებაზეც ფრთხილობდნენ. ვფიქრობდი, ეს შეცდომა იყო. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დიდი დებატი გვქონდა, რა პოლიტიკა უნდა გვქონოდა რუსეთთან, საქართველოსა და უკრაინასთან.

მაშინ ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა მიუნხენის კონფერენციაზე წარადგინა ეს პოლიტიკა და ყველას ახსოვს სიტყვა „გადატვირთვა“, მეორე აბზაცს კი არავინ კითხულობს, რომელიც მთლიანად საქართველოს შეეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ არ გავცვლიდით საქართველოსა და უკრაინას რუსეთთან უკეთეს ურთიერთობაზე. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა.

მეტი უნდა გაგვეკეთებინა, რომ გაგვეღრმავებინა სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან? დიახ, ასევე უნდა მოქცეულიყო პრეზიდენტი ტრამპი და ბაიდენიც ახლა. ეს ჩემი აზრია. „გადატვირთვა“ 2011- ში დასრულდა. ჩემი არგუმენტი ყოველთვის იყო, რომ საქართველოს და უკრაინას მეტი დახმარება გაგვეწია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მეტ სტინგერსა და ჯაველინს 2014- ში პუტინი შეეჩერებინა“, – აცხადებს მაკფოლი.

ინფერვიუს სრულად შეგიძლიათ მოუსმინოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი