საზოგადოება

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, თუ პუტინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, დასანქცირდება – მაკფოლი და კასპაროვი

9 სექტემბერი, 2022 • 1541
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, თუ პუტინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, დასანქცირდება – მაკფოლი და კასპაროვი

მაიკლ მაკფოლი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, და გარი კასპაროვი, „ადამიანის უფლებათა ფონდის“ თავმჯდომარე წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ თუკი პუტინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, დასანქცირდება.

მაკფოლისა და კასპაროვის სტატია 2022 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნდა Washington Post-ში და მისი სათაურია: „რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ჯერაც აქვს ხვრელები – აი, ასე უნდა ამოვქოლოთ ისინი“. სტატიაში ვკითხულობთ:

„სანქციები ჯერ კიდევ არ არის დაწესებული ათასობით რუსი ჩინოვნიკის, პარტიის ლიდერის, რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელის, რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებადი საწარმოების გამგეობის წევრის, პროპაგანდისტეისა და ომის მხარდამჭერი ცნობილი ადამიანის მიმართ. დროა, ისინი სიაში დაემატონ.

მესამე ქვეყნებში მყოფმა პირებმა, რომლებიც ეხმარებიან პუტინს – როგორიცაა ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი – უნდა იცოდნენ, რომ მათაც დაუწესდებათ სანქციები, თუ არ შეწყვეტენ პუტინის ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერას. ნებისმიერმა ინდივიდმა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, თუნდაც ირიბად თუ პასიურად, უნდა გადაიხადოს ფასი“.

კასპაროვი და მაკფოლი საქართველოსაც ახსენებენ სანქციებისგან თავის არიდების კონტექსტში:

„უნდა გაკეთდეს უფრო მეტი. დემოკრატიულმა მთავრობებმა მეტი ზეწოლა უნდა განახორციელონ იმ კომპანიებზე, რომლებსაც ჯერაც არ დაუტოვებიათ რუსეთი; უცხოურ საწარმოებს, რომლებიც ეხმარებიან პუტინის საომარ მანქანას, თუნდაც გადასახადების გადახდაში, ასევე უნდა დაუწესდეთ სანქციებსი. საერთაშორისო თანამეგობრობამ ასევე უნდა აიძულოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი – რომლებიც ამჟამად ეხმარებიან არსებული სანქციების გვერდის ავლით – შეაჩერონ კონტრაბანდის მიმდინარე ოპერაციები“, – წერენ ისინი.

მაკფოლი (რომელიც რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩიცაა) რამდენიმე თვის წინაც ამბობდა, რომ მისი ჯგუფი იწყებდა მსჯელობას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის, თუმცა მაშინ კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.

უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი, – მათ შორის უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია, – ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები სანქციებს საქართველოს ბანკებისა და საფინანსო სისტემების საშუალებით არიდებენ თავს, თუმცა საქართველოს მთავრობა ამას სიცრუეს უწოდებს.

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ 100%-იანი სიზუსტით ვერ იტყვის, რომ საქართველოს გამოყენებით [ეკონომიკური] სანქციებისგან გვერდის ავლა არ ხდება, თუმცა შეუძლია თქვას, რომ შეერთებული შტატები მჭიდროდ მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან იმ მიზნით, რომ სანქციებისგან გვერდის ასავლელად ყოველგვარი ხვრელი დაიხუროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი