კომენტარი

პუტინი და „კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის“ თეორია | მაიკლ მაკფოლი

17 ოქტომბერი, 2022 • 2072
პუტინი და „კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის“ თეორია | მაიკლ მაკფოლი

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორია, არ იზიარებს თეორიას იმის შესახებ, რომ კუთხეში მიმწყვდეული პუტინი გაცილებით საშიშია და ბირთვული იარაღის გამოყენებისგან უკან არ დაიხევს.

„ჩვენ მუდმივად გვესმის პუტინის თვითგამოცხადებული ექსპერტებისგან, რომ პუტინი არასდროს დაიხევს უკან, არასოდეს დანებდება, მხოლოდ გააორმაგებს ძალისხმევას. რა ისტორიული გამოცდილება არსებობს ამ ჰიპოთეზის მხარდასაჭერად? გაფრთხილების შემდეგ, 2008 წელს, მან უარი თქვა თბილისისკენ მსვლელობაზე. მას ეს [თბილისზე შეტევა] შეეძლო, თუმცა უკან დაიხია. 2014 წელს, უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობის ფონზე, მან უარი თქვა მთელი „ნოვოროსიის“ აღების გეგმაზე. როცა 2015 წელს ერდოღანმა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდო, პუტინმა სამაგიერო გადაუხადა? თურქეთს თავს დაესხა? — არა, პირიქით…

…არ ვაკეთებ პროგნოზს [პუტინის]მომავალ ქცევაზე. მე რეალურად ძალიან ვნერვიულობ პუტინის მომავალ ნაბიჯებზე. მე უბრალოდ ეჭვქვეშ ვაყენებ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარს უჭერენ „კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის“ თეორიას“, — წერს მაკფოლი Twitter-ზე.

მაკფოლის თქმით, ამ თეორიის მხარდამჭერი მეტი მტკიცებულებები სჭირდება.

„გასაგებად რომ ვთქვათ, პუტინი ზოგჯერ ატარებდა ძალიან სარისკო პოლიტიკას — აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა 2016 წელს, ყირიმის ანექსია 2014 წელს, სირიაში ჩარევა 2015 წელს, მაგრამ ეს ქმედებები შორს იყო ბირთვული იარაღის გამოყენებისგან“, — წერს მაკფოლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი