ახალი ამბები

„თქვენი ქვეყანა შეარცხვინეს“ — მაკფოლი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

6 ივლისი, 2022 • 1294
„თქვენი ქვეყანა შეარცხვინეს“ — მაკფოლი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკ მაკფოლი აცხადებს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლა სტუმრების მიერ აღმაშფოთებელია და გამართლება არ აქვს.

ამის შესახებ მაკფოლმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში, 30 ივნისს აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ლიმიტირებული ინფორმაცია ვნახე პრესაში, დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც ყოფილმა ელჩმა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წმინდა დღე ამერიკელებისთვის. მოსკოვში 4 ივლისის ღონისძიებას ვმასპინძლობდით ჩემს რეზიდენციაში. კალიფორნიაში ამ დღის აღსანიშნავად ჩემს სახლში 100 ადამიანი დავპატიჟე. ამ დღის ჩაშლა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ მოწვეული სტუმრების სტატუსით აღმაშფოთებელია და არ არსებობს არანაირი გამამართლებელი საბუთი. ჩანს, რომ თითქოს გარკვეული ძალები თქვენს ქვეყანაში ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას არ სცემენ პატივს და გადაწყვიტეს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. ეს მე ძალიან მაწუხებს. ეს არის სტრატეგიული შეცდომა. ადამიანურ დონეზე რომ განვიხილოთ, როდესაც ხარ სტუმარი სხვის სახლში, არსებობს მოწიწებისა და კარგი მანერების ფორმა. ამ ადამიანებმა თქვენი ქვეყანა შეარცხვინეს, ეს სამარცხვინოა. ისინი თქვენს ქვეყანას გლობალურ სცენაზე არცხვენენ“, — განაცხადა მაკფოლმა.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ 30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას. თვითმხილველების თქმით, ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელს სახეში გაარტყა.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ წერეთლის „უბინძურეს პროვოკაციას“ პროპორციულად“ უპასუხა. მისი თქმით, იმას, რაც წერეთელმა იკადრა, „არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა“.

„მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს გასცდა ყოველგვარ საზღვარს და, შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი. არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც არაადეკვატური პასუხი. ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მმართველი პარტიის წევრებმა ანრი ოხანაშვილი დაიცვეს. ადამიანის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ დეპუტატს „ნერვებმა უმტყუნა“.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ისეთი პოზიტიური ღონისძიება, როგორიც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო იყო, ასეთმა ინციდენტმა გადაფარა.

„ძალადობა არის მიუღებელი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ“, — თქვა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკონკრეტებს, დაიწყო თუ არა გამოძიება აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განმარტებით, მმართველი პარტიის დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შსს არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი