„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „14 წელია“, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია.
„მათი მიზანია, რომ ამ პუტინისტური პროპაგანდისას ყველაფერი თავდაყირა იყოს, ახლა მხოლოდ ეს მესიჯი აინტერესებთ – „ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენს შვილებს დაბომბავდნენ“, და ამ უსინდისო ტყუილს ამბობენ, როცა რეალურად პირიქით არის ყველაფერი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – განუცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
„რაც აფხაზეთში 90-იანების დასაწყისში მოხდა, თუნდაც 2008 წელს რომ შევადაროთ, განსხვავებულია სისასტიკისა და მსხვერპლის მასშტაბი. მაშინ არც ნატოს საკითხი იდგა, არც ევროკავშირის, არავინ არ იყო, საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუსეთი დასუსტებული იყო, მაგრამ საქართველო იმ არასწორ მხარეს მოხვდა, რაც ნანგრევების მტვერით წარმოიშვა. ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი განცხადებით, იმის თქმა, რომ „14 წლის წინ დაიკარგა აფხაზეთი, თითქოს მანამდე ყველაფერი კარგად იყო, ამ ტყუილს ემსახურება“.
„ეს კაცი გამოდის და იძახის, რომ საბჭოთა კავშირის აპოლოგეტია, პირდაპირ იძახის, რომ ის კარგი და ჩვენი იყო. ამით ხალხს ეუბნება, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო არ უნდა გვქონდეს. აფხაზეთი ჩვენი იყო რას ნიშნავს, ჩვენი სახელმწიფო არ არსებობდა და როცა მოვინდომეთ, მაშინ ამის გამო დაგვსაჯეს“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს „უნდა, რომ ისევ მაგ დღეში ვიყოთ – როცა სახელმწიფო არ გაქვს, მაშინ არის სისხლისღვრა და მსხვერპლი უფრო დიდი და ნუ ატყუებენ ხალხს. შეხედონ კადიროვს, დაღესტანში რა ხდება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ მაშინ, როცა ბოროტებას უთმობ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ღარიბაშვილის განცხადება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება 8 აგვისტოს, 00:01 საათზე გაავრცელა ფეისბუკზე და დაწერა:
„14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა… ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაწერა, რომ „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
ირაკლი ღარიბაშვილის ამ პოსტზე განმარტება გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა და ფეისბუკზე დაწერა:
„სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას“.
მათიკაშვილის განცხადებით, „ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში, სამწუხაროდ, სამშვიდობოების სტატუსით იდგა და, რაც მთავარია, გაეროს მანდატით“.
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ეფექტური კონტროლი გაცილებით მეტი ხანია, დაკარგული აქვს.
კერძოდ, თბილისმა სოხუმზე კონტროლი 1993 წლის შემოდგომაზე დაკარგა, 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ.
ცხინვალში დე ფაქტო მთავრობამ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1990 წელს გამოაცხადა, რასაც ასევე სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფართოვდა ტერიტორიები, რაზეც საქართველოს კონტროლი აღარ აქვს (საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე).
ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები განთავსდა (გუდაუთაში მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალსა და ჯავაში მე-4 სამხედრო ბაზა).