ახალი ამბები

„14 წელია ოკუპირებულია“ – მათიკაშვილი ღარიბაშვილის განცხადების კრიტიკას ეხმაურება

8 აგვისტო, 2022 • 686
„14 წელია ოკუპირებულია“ – მათიკაშვილი ღარიბაშვილის განცხადების კრიტიკას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება კრიტიკას ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც „14 წელია“, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება 8 აგვისტოს, 00:01 საათზე გაავრცელა ფეისბუკზე და დაწერა:

„14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა… ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაწერა, რომ „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ პოსტზე განმარტება გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა და ფეისბუკზე დაწერა:

„სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას“.

მათიკაშვილის განცხადებით, „ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში, სამწუხაროდ, სამშვიდობოების სტატუსით იდგა და, რაც მთავარია, გაეროს მანდატით“.


საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ეფექტური კონტროლი გაცილებით მეტი ხანია, დაკარგული აქვს.

კერძოდ, თბილისმა სოხუმზე კონტროლი 1993 წლის შემოდგომაზე დაკარგა, 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ.

ცხინვალში დე ფაქტო მთავრობამ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1990 წელს გამოაცხადა, რასაც ასევე სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფართოვდა ტერიტორიები, რაზეც საქართველოს კონტროლი აღარ აქვს (საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე).

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები განთავსდა (გუდაუთაში მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალსა და ჯავაში მე-4 სამხედრო ბაზა).

მასალების გადაბეჭდვის წესი