ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევისას პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა – ცესკო

8 აგვისტო, 2022 •
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევისას პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა.

ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ინსინუაციების მიზეზი გახდა.

„კერძოდ, პოლიტიკურად დაინტერესებული პირების მხრიდან ისმის მოსაზრებები, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა იყოს ცესკოს მოქმედი წევრების პოლიტიკური მიკერძოება ან 2021 წლის არჩევნების ხარვეზებით ჩატარების ხაზგასმა. აღნიშნული კი აზიანებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე კონკრეტული პირების პროფესიულ ღირსებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის რეპუტაციას.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, ასევე აფასებს მის გამოცდილებას და საქმიანობას, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი, როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ისე წევრების შემთხვევაში, იყო საკონკურსო თანამდებობებზე უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით შერჩეული კანდიდატურების გამოვლენა.

„ეს კი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა კანდიდატების მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით მათი დისკრედიტაცია ხდება, საკმაოდ რთულად მისაღწევია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ კოლეგებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე. ვფიქრობთ, მათი კანდიდატურების წარდგენა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი აღიარება და იმის დასტურია, რომ უწყების სანდოობის პრობლემა არ დგას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიული სტანდარტით, გამჭვირვალედ, და სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

როგორც ცესკო აცხადებს, პრეზიდენტის მიერ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თავმჯდომარე, კანონის შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მათი თქმით, მოქმედი თავმჯდომარე, ისევე როგორც ცესკოს 2 წევრი, მოვალეობას შეასრულებენ იმ დრომდე, სანამ კანონმდებლობის დაცვით მათი შემცვლელები არ იქნებიან არჩეულნი.


პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მესამედ აღარ წარუდგინა. კანდიდატებს შორის, რომლებიც ზურაბიშვილმა შეარჩია, არიან თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე.

ამასთან, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები. რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად, პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები.

მოგვიანებით პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არწარდგენა  პარლამენტისთვის კატეგორიულად გამორიცხავს პრეზიდენტის მიერ მისი პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და საქმიანობის არაჯეროვნად შეფასებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად, თუმცა მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა. შედეგად, ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული.

მათი განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი