ახალი ამბები

პრეზიდენტი განმარტავს რატომ არ წარუდგინა პარლამენტს კალანდარიშვილის კანდიდატურა

6 აგვისტო, 2022 • 1602
პრეზიდენტი განმარტავს რატომ არ წარუდგინა პარლამენტს კალანდარიშვილის კანდიდატურა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და განამრტავს, თუ რატომ არ წარედგინა პარლამენტს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ამავე პოსტზე მესამე ვადით ასარჩევად.

პრეზიდენტის ცანხადებით, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული:

„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად.

ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთიდაიგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ 5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ:

„კანდიდატთა შერჩევით კომისიამ დაადასტურა მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა განცხადებები, რომლების მათი არჩევის პროცესში მონაწილეობის არმიღებას ეხება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.

ცესკოს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო“ – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარედ პარლამენტს თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე წარუდგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი