„დღითიდღე ვხედავთ, რუსული რბილი ძალის გაძლიერებას ქვეყანაში“ – ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი და ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე
გიგიაძეს ნეტგაზეთი დღეს 7 აგვისტოს, რუსული ოკუპაციისა და აგრესიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ესაუბრა.
„დღეს აქ მოვედით იმიტომ, რომ დავაფიქსიროთ ზუსტი თარიღი, 14 წლის თავი საქართველოში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან – ანუ 2008 წლის 7 აგვისტო. კიდევ ერთხელ შევახსენოთ სულ ყველას ამ ქვეყანაში, თუ ვინ არის აგრესორი, ვინ არის ოკუპანტი, ვის სინდისზეა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლი საქართველოში და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ის ადამიანები, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს,“ – ამბობს გიგიაძე ნეტგაზეთთან.
აგვისტოს ომის წლისთავის ფონზე, ჩვენ ვკითხეთ გიგიაძეს, რას ფიქრობს ის სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ, რომელიც სულ უფრო მეტი კრიტიკის სამიზნე ხდება.
„საქართველოს ხელისუფლება არ აღიქვამს ადეკვატურად არსებულ რეალობას, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ კიდევ უფრო დისტანცირდეს დასავლეთისგან და დასავლური ღირებულებებისგან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უსაფრთხოების საკითხები საქართველოში არის სრულიად უგულებელყოფილი და მეტყველებს იმაზე, რომ დღითიდღე ვხედავთ ჩვენ რუსული რბილი ძალის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში, ჩემი აზრით,“ – აცხადებს ის.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმის დაწესებას, ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ის აუცილებელია და ეს ნაბიჯი სახელმწიფოს დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა.
„მაშინ, როდესაც ქვეყანას უკვე აქვს საქართველოს მოქალაქეებისადმი დაწესებული სავიზო რეჟიმი ჩვენ უნდა აგვემოქმედებინა ნაცვალგების პრინციპით იგივე რეჟიმი და არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც უკონტროლო ნაკადი შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების, ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული განხილვა და დიდი ყურადღება, რომ ამან არ გამოიწვიოს უარესი მდგომარეობა,“ – ამბობს ნეტგაზეთთან გიგი გიგიაძე.
გიგი გიგიაძე 2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა წლებში იყო გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი დესპანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მთავარი მომლაპარაკებელი; 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი და ამავე წელს გახდა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
გიგიაძე ერთადერთი ელჩი იყო, რომელმაც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს. გიგიაძის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ის „გაკვირვებულია”, ხოლო „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები”.
2021 წლის იანვარში გიგიაძე ელჩის პოზიციიდან გამოიწვიეს, როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, საროტაციო ვადის გასვლის გამო.
ნახეთ ასევე:
სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა