ახალი ამბები

სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

11 ივლისი, 2022 • 1032
სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა.

გიგიაძე ერთადერთი ელჩი იყო, რომელმაც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს. გიგიაძის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ის „გაკვირვებულია”, ხოლო „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები”.

2021 წლის იანვარში გიგიაძე ელჩის პოზიციიდან გამოიწვიეს, როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, საროტაციო ვადის გასვლის გამო. გიგიაძე დავობდა, რომ რეზერვში ჩარიცხვა და დღემდე სხვა ალტერნატიული პოზიციის შეუთავაზებლობა უკავშირდება 2020 წლის 7 ოქტომბერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსს, რომლითაც მან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მოპასუხე მხარე — საგარეო საქმეთა სამინისტრო — ამბობდა, რომ 2021 წლის 1 მარტიდან დღემდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან გამოწვეულია და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულია 84 პირი, აქედან 11-ს ეკავა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიცია (პლუს 2021 წლამდე რეზერვში ჩარიცხული დიპმისიის 18 ხელმძღვაბელი), ხოლო საანგარიშო პერიოდში რეზერვიდან ამოირიცხა და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარიგზავნა მხოლოდ ერთი პირი. უწყების თანახმად, სასურველ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ პირისთვის უარის თქმა თავისთავად არ უნდა განიხილებოდეს დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტად, ვინაიდან შესაბამის ვაკანსიაზე დანიშვნის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს იმაზე მეტ პირს, ვიდრე ვაკანსიაა. შესაბამისად, ერთ პოზიციაზე პირის დანიშვნის შემთხვევაში, რაც ლოგიკურად უკავშირდება სხვა პრეტედენტებისთვის დანიშვნაზე უარის თქმას, გამომდინარეობს, შესაბამის პერიოდში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სწორედ იმ ერთი პირის შერჩევის აუცილებლობას, რომელსაც მიიჩნევს ის პირი, ვისაც კანონმდებლობამ მისცა აღნიშნული დისკრეცია.

გიგიაძის თანახმად, 2021 წლის 1 მარტიდან ცალკეულ ქვეყნებში ელჩებად დაინიშნენ პირები, რომლებსაც არ აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება და გაუგებარია, ვინ და რა კრიტერიუმებით ინიშნება ვაკანტურ პოზიციებზე და რატომ არ მოხდა მისი კანდიდატურის განხილვა მოცემულ თანამდებობაზე.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გიგი გიგიაძისთვის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე, არსებულ ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განუხილველობა, განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო, მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში წარმოადგენდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ იურისტი თეონა ზაქარაშვილი.

ომბუდსმენი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს:

  • განიხილოს განმცხადებელთან მისი კვალიფიკაციის ტოლფასი პოზიციის/პოზიციების შეთავაზება;
  • მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონთან შესაბამისობა.

გიგი გიგიაძე  2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა წლებში იყო გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი დესპანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მთავარი მომლაპარაკებელი; 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი და ამავე წელს გახდა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

მასალების გადაბეჭდვის წესი