ახალი ამბები

ჩინეთს აქვს უფლება, მიიღოს ზომები სუვერენიტეტის დასაცავად – მოსკოვი

2 აგვისტო, 2022 • 867
ჩინეთს აქვს უფლება, მიიღოს ზომები სუვერენიტეტის დასაცავად – მოსკოვი

მოსკოვი პირველ კომენტარს აკეთებს ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტზე.

„ფრანც-პრესის“ ცნობით, მოსკოვი აცხადებს, რომ „ჩინეთს აქვს უფლება, მიიღოს ზომები სუვერენიტეტის დასაცავად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პელოსის ვიზიტს „აშკარა პროვოკაცია“ უწოდა.

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის პასუხად ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის წინააღმდებობის მიუხედვად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩაფრინდა.

მისი თვითმფრინავი ტაივანის აეროპორტში სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა, ნენსი პელოსი თბილისის დროით 18:53 საათზე ჩამოვიდა თვითმფრინავიდან.

პელოსის შესაძლო ვიზიტის გარშემო დაძაბულობის პარალელურად, მედიაში ჩნდებოდა მასალები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ემზადებოდნენ ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დასახვედრად – ტაივანის ხელისუფლებამ გამოყო 8 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც აეროპორტამდე ნენსი პელოსის თვითმფრინავი უნდა გააცილონ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ტანკები პროვინცია ფუჯიანის სანაპიროზე, რომელიც ტაივანის კუნძულთან მდებარეობს.

როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, პენტაგონი განუწყვეტლივ აკვირდება რეგიონში ჩინელთა ნებისმიერ გადაადგილებას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს ტაივანის აღმოსავლეთით შეერთებული შტატების ოთხი სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი