თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავამ დააკმაყოფილა ცილისწამების შესახებ უჩა მამაცაშვილის სარჩელი და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებს მამაცაშვილისთვის 5000-5000 ლარის გადახდა დააკისრა.
როგორც „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ (GDI) აცხადებენ, წარდგენილ სარჩელში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი სადავოდ ხდიდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს, რომელშიც ისინი უთითებდნენ უჩა მამაცაშვილის სავარაუდო ჩართულობაზე ტრანსნაციონალურ დანაშაულში (ე.წ „ქოლ-ცენტრების“ საქმე) და მის სავარაუდო კავშირზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის გაძვირებასთან. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული განცხადებები იყო ცილისმწამებლური. შესაბამისად, სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან ითხოვდა გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 150 000 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციის თქმით, მოპასუხე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდა დასკვნებს, რომლებსაც ეყრდნობდა მათი საქმიანობის ფარგლებში მოძიებულ და გამოთხოვილ არაერთ ინფორმაციას.
ამასთან, GDI აღნიშნავს, რომ მათი განცხადებების მიზანი იყო საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიაში წვლილის შეტანა, უფლებამოსილი ორგანოებისათვის (ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე) ინფორმაციის მიწოდება და სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიების დაწყების ხელშეწყობა:
„სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციები. ის დაეთანხმა მოსარჩელეს და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებებით უჩა მამაცაშვილს შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ხოლო მორალური ზიანისათვის თითოეულ მოპასუხეს 5000 ლარის ოდენობის ანაზღაურება დააკისრა“ ,- აცხადებს GDI, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლების ინტერესებს იცავდა.
ამასთან, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობისას დამატებით გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა:
GDI აღნიშნავს, რომ მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და განსხვავებით სასამართლოში არსებული ზოგადი, ხანგრძლივი განხილვის პრაქტიკისა, საქმე არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან 4 თვეში განიხილა.
ამასთან, ორგანიზაციის თქმით, მოსამართლემ დააკმაყოფილა იმ პირების მოწმის სახით დაკითხვა, რომლებიც უჩა მამაცაშვილის სასარგებლო ჩვენებებს მისცემდნენ (მათ შორისაა ზურაბ ნოღაიდელი, დავით ნარმანია და დავით თვალაბეიშვილი), თუმცა უარი თქვა ისეთი მოწმეების დაკითხვაზე, რომლებსაც შესაძლოა, სასამართლოსთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილე პირებისა და სავარაუდო კორუფციული სქემის შესახებ, მათ შორისაა გიორგი ქობულია, ლევან ხაბეიშვილი და ნიკა გვარამია:
„მოპასუხე მხარეს დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძის არასათანადო მოპასუხეებად ცნობის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განცხადებებს აკეთებდნენ არა როგორც კერძო პირები, არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და მოპასუხეებს პასუხისმგებლობა დააკისრა არა მარტო როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებს, არამედ როგორც კერძო პირებსაც;
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მორალური ზიანისათვის მოთხოვნილი თანხის სრულად გადახდა არ დააკისრა მოპასუხეებს, საერთო სასამართლოების პრაქტიკიდან გამომდინარე, თითოეულ მოპასუხეზე 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება არის არაპროპორციული და წარმოადგენს არაგონივრულად მაღალ ოდენობას“, – ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, ტელეკომპანიები არ ყოფილან ჩართული სასამართლო დავაში და არ წარმოადგენდნენ მხარეს, მათ სასამართლომ დაავალა მოპასუხეებისთვის საეთერო დროის დათმობა, რასაც GD აფასებს მედიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად.
გარდა ამისა, GDI-ს თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები:
„მათ შორის ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის და ცნობილი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია. საყურადღებოა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები კვლავ აგრძელებენ ცილისწამების საფუძვლით შეტანილი სარჩელებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევას, რითაც ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას უქმნიან საფრთხეს.
საყურადღებოა, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა სასამართლო დავის დაწყების საფუძველი. მსგავსი ტენდენცია წარმოადგენს სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები)“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან, მათი განცხადებით, არსებობს იმის მოლოდინი, რომ ის ხელს შეუწყობს ისეთი სარჩელების შეტანას სასამართლოში, რომელთა მიზანიც არის უფლებადამცველების საქმიანობისათვის ხელის შეშლა – მსგავსი პრაქტიკა კი, GDI-ს თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.