სამართალი

„სირცხვილიას“ დირექტორი იხსენებს როგორ იძალადეს მასზე პოლიციის განყოფილებაში

19 მაისი, 2022 • 1860
„სირცხვილიას“ დირექტორი იხსენებს როგორ იძალადეს მასზე პოლიციის განყოფილებაში

მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორი გიორგი მჟავანაძე იხსენებს გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებს და პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშულებს. შემთხვევა 17 მაისს მოხდა.

მჟავანაძის თქმით, 15 მაისს პოლიციის თანამშრომელმა დაურეკა და თავი წარუდგინა რის შემდეგაც უთხრა, რომ მის სახელზე წერილი იყო და ჩასაბარებლად პოლიციის განყოფილებაში უნდა მისულიყო. მჟავანაძის თქმით, პოლიციელის სახელი და გვარი ვერ დაიმახსოვრა და უთხრა, რომ როგორც კი მოახერხებდა, განყოფილებაში მიდიოდა:

„აქვე მოკლედ ვიტყვი, რა წერილი უნდა ჩამბარებოდა – 7 მარტს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დამაკავა პოლიციამ. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული იყო. შესაბამისად, მეც, როგორც მოძრაობის წევრი და ამასთანავე აღმასრულებელი დირექტორი, მუდმივად ჩართული ვარ აქციის ორგანიზების პროცესში. აქცია, ერთი შეხედვით, მშვიდობიანად დასრულდა, ორგანიზატორები როგორც წესი ველოდებით ხოლმე ხალხის დაშლას და შემდეგ მივდივართ ადგილიდან.

როგორც კი ხალხის ძირითადი ნაწილი დაიშალა, მოშორებით მანქანა მეყენა და წავედი მანქანის მოსაყვანად, რათა უკრაინის დიდი დროშა და გარვეკული ინვენტარი ჩაგვეწყო და წაგვეღო აქციიდან. მოვბრუნდი მანქანით კანცელარიის ტერიტორიაზე (სადაც აქცია გაიმრთა) გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და ვხედავ რომ თავგამოდებით აკავებენ ჩემს მეგობრებსა და აქციის მონაწილეებს.

ერთი კითხვა მოვასწარი მეკითხა პოლიციელისთვის, რისთვის აკავებთ ხალხს, რა მოხდა-მეთქი. პასუხი არ გაუცია. თან ვუახლოვდებოდი დაკავებების ეპიცენტრს, რომ რაიმე გამერკვია. ამ დროს დამინახა კახა ფოჩხუამ (მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე) და ხმამაღლა დაუძახა პოლიციელებს: „დააკავეთ, ვიპოვე“. თურმე როგორც შემდეგ გაირკვა, ყველა ორგანიზატორის დაკავების ბრძანება ჰქონდათ მიღებული. მე დროულად ვერ მნახეს რადგან მანქანის მოსაყვანად გავედი და ჩემი პოვნით გახარებულმა კახამ არხეინად დამაკავა“ – აცხადებს მჟავანაძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ცრუ მოწმემ მტკიცებულებების გარეშე დააბრალა რომ იგინებოდა და წინააღმდეგობას წევდა. შედეგად, სასამართლომ 2 800-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, რომლის დადგენილების ჩასაბარებლადაც იბარებდნენ პოლიციაში:

„უცნაური გარემოება ისიცაა, რომ პოლიციას დაევალა ჩემთვის დადგენილების ჩაბარება. როგორც წესი, ფოსტას 2 თვე აქვს ვადა რომ ჩამაბაროს და თუ ვერ შეძლებს, ამის შემდეგ გადაეცემა პოლიციას ამანათი. დადგენილების მიღებიდან 1 თვეც არ არის გასული. დადგენილების ჩასაბარებლად არც მოსულან ფოსტიდან და არც სტიკერი დამხვედრია, რომ ამანათის ჩაბარება სცადეს. ამაზე ცალკე გამოვითხოვთ საქართველოს ფოსტიდან ჩემს სახელზე უკუგზავნილების ისტორიას“ – ამბობს მჟავანაძე.

მისი თქმით, 17 მაისს განყოფილებაში მისვლა ვერ შეძლო, თუმცა საღამოს 17:00 საათისთვის სახლიდან გადიოდა და გადაწყვიტა პოლიციაშიც გაევლო. მჟავანაძის თქმით, დაუკავშირდა პოლიციელს, რომელმაც თავდაპირველად დაურეკა, მანაც დაუდასტურა, რომ ელოდებოდა. განყოფილებასთან მისვლის შემდეგ, მჟავანაძის თქმით, პოლიციელს კიდევ ერთხელ დაურეკა, მან კი განუცხადა, რომ გასული იყო და დალოდებოდა:

„შევედი, არავისთვის არაფერი აღარ მიკითხავს, რადგან პირდაპირ ჩანდა მოსაცდელი სკამები, რომლებიც სრულიად თავისუფალი იყო და ჩამოვჯექი, დაველოდები-მეთქი. ამ დროს მომიახლოვდა მორიგე პოლიციელი ანზორ გულია, რომელმაც თავიდანვე ამრეზით შემათვალიერა – ორჯერ ამხედ დამხედა. ვიგრძენი, რაღაც არ მოეწონა, ალბათ ჩემი ჩაცმულობა – თბილი ამინდი იყო, შორტები მეცვა, მწვანე მაისური და ფეხსაცმელი, კეპი მეხურა და მზის სათვალე მეკეთა. აშკარად უცხო სხეული ვიყავი შავებში გამოწყობილი პოლიციელებისთვის. მეკითხება: „აქ რატომ დაჯექი?“, – ავუხსენი, ველოდები პოლიციელს, თვითონ დამიბარა, წერილი უნდა ჩამბარდეს, ესე მითხრა შედი და დამელოდეო და აქ ჩამოვჯექი-მეთქი. ვერ მოვაწონე თავი და უკმაყოფილოდ მეკითხება ისევ:

– ვინ დაგიბარა?
– არ ვიცი ვიღაც პოლოციელმა დამირეკა.
– პოლიციელი შენი „ვიღაც“ არის? – უკვე აგრესიულად მპასუხობს.
– არ ვიცი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი მაქვს მხოლოდ და შემიძლია გაჩვენოთ.
– ადექი და გადი დროზე, გარეთ დაელოდე? – ხმის ტონს უწევს და მტუქსავს, ამასობაში სეირის მაყურებელი თანამშრომლები გვიახლოვდებიან.
– გარეთ რატომ დაველოდო? თვითონვე მითხრა რომ აქ მომეცადა და გარდა ამისა მოქალაქე ვარ, თქვენ არ გეკუთვნით მხოლოდ ეს შენობა, ხალხისაა და მაქვს უფლება აქ დაველოდო-მეთქი, – უკვე მეც გავღიზიანდი ისე მაგდებდა, პოლიცის განყოფილებიდან, პრინციპის ამბავიც გახდა რომ ესე ძაღლივით არ გავეგდე გარეთ.
– ტელეფონით აქ არ შეიძლება ყოფნა, – ახალი მიზეზი მოიგონა, ხელში ტელეფონი მეჭირა, შესვლის წინ რადგან დავურეკე პოლიციელს.
– შევინახავ ჯიბეში და დაველოდები, – ვეუბნები.
– არა, არ შეიძლება მობილური აქ საერთოდ, გადი გარეთ, – მპსუხობს.
– კარგი, ჩაგაბარებთ რამე საცავი თუ გაქვთ და ისე დაველოდები, – ვპასუხობ“ – იხსენებს მჟავანაძე.

მისი თქმით, მარცხნივ პოლიციის უფროსის მოადგილის, დავით კანკავას კაბინეტი იყო. აქტივისტის განცხადებით, კანკავამ გაშლილი ხელი უტრიალა ცხვირთან, დამამცირებლად, რა დროსაც თავად გაუნძრევლად იჯდა სკამზე:

„მეუბნება, რომ უზრდელი ვარ, „ვიღაც“ როგორ ვთქვი პოლიციელზე და გარდა ამისა, პოლიციელი, რომ მეუბნება გარეთ გავიდე, რატომ არ გადიხარო.კვლავ ვუპასუხე იგივე, რაც წინა პოლიციელს და ვკითხე რატომ უნდა გავიდე-მეთქი. იმიტომ რომ: „აქ არაფერში მჭირდები“, – მპასუხობს. თითქოს მე რამეში მჭირდებოდა იქ ყოფნა.

აქტივისტის განცხადებით, როდესაც ნახეს რომ ფეხს არ იცვლიდა, პოლიციელებმა ხელი მკლავებში მოკიდეს და უხეში მოძრაობებით დაძრეს გასასვლელისკენ.

“წინააღმდეგობა საერთოდ არ გამიწევია, რადგან ფიზიკურად შემეხნენ უკვე, მეც გავყევი. 3-4 პოლიციელს ეკიდა ჩემზე ხელი, უკვე ვიგრძენი, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა როგორც საჭირო იყო, გარეთ როგორც კი გამიყვანეს, ჯიბეში ჩავიყავი ხელი, რომ ამომეღო მობილური და გადაღება დამეწყო. პოლიციელების ხელები არ მშორდება, მიუხედავად იმისა რომ გამაგდეს უკვე გარეთ და მობილური რომ ამოვიღე, ვეცადე დისტანცია დამეჭირა, რომ გადამეღო და მხრების მოძრაობით ვცადე რომ გამეთავისუფლებინა მათგან თავი“ – ამბობს მჟავანაძე.

მისი თქმით, პოლიციელებს მისი მოძრაობა არ მოეწონათ და ერთ-ერთმა იკითხა რატომ არ აკავებთო, შემდეგ სხვამ დანარჩენებს მჟავანაძის დაპატიმრებისკენ მოუწოდა და აქტივისტის თქმით, პოლიციის შენობაში შეათრიეს, ძირს დააგდეს და სახე იატაკზე დაადებინეს:

„ვყვირი რომ, გემორჩილებით, წინააღმდეგობას არ გიწევთ და ასე ნუ მექცევით, ნუ მათრევთ-მეთქი. აზრი არ აქვს აგრძელებენ, ერთი კისერში მიჭერს, ერთი ცალ ხელს მიტრიალებს, მეორე მეორე ხელს, ძირს ვაგდივარ. ერთ-ერთს ჩემი ფეხი უჭირავს ხელში და გვერდულად ატრიალებს, სახსარში ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და ვღრიალებ ფეხი მომტყდება გამიშვით არაფერში არ გეწინააღმდეგებით-მეთქი. განაგრძეს ამ ფორმით დაკავება, თან ყველა მაგინებს ფანტაზიის შესაბამისად, გადამიჭირეს ზურგსუკან ძლიერად რკინის ბორკილები, კარგად რომ მეგრძნო ტკივილი.

წამომაყენეს, ჩემ უკან სკამი იდგა და უხეშად ჩამაგდეს ამ საკმში, უკან შეკრულ ჩემსავე ხელებს მივენარცხე და კარგად მოჭერილმა ბორკილებმა კიდე მეტად მომიჭირა. აგრძელებენ გინებას და ვიფიქრე, ეგ არის დამაკავეს. მაგრამ თურმე ახლა იწყება ყველაფერი. ჩემ წინ დგას დავით კანკავა და კიდევ ერთი სრული აღნაგობის დაახლოებით 195 სანტიმეტრის სიმაღლის პოლიციელი, დანარჩენი 5-6 პოლიციელი ირგვლივ მიდგას, ზოგი ზურგს უკან. ამ კანკავას ჩემს სახესთან მოაქვს თავი, მთელი ზიზღით მაგინებს და მეუბნება: „პოლიციელზე „ვიღაც“ როგორ თქვი შე უზრდელო“ და მოულოდნელად მთელი ძალით გაშლილ ხელს მირტყამს სახეში. შოკი იყო, საერთოდ არ ველოდი, პოლიციის განყოფილებაში, დღისით, ფოიეში ხელებშეკრული ვზივარ და სახეში მირტყამს’, – ამბობს აქტივისტი და დასძენს, რომ ამის შემდეგ მეორე პოლიციელმაც დაარტყა სახეში მთელი ძალით.

“შემდეგ ისევ ბატონი დავითი. თან მაგინებენ გამწარებულები. ხელები უკან მაქვს შეკრული, ვერც ვიფარებ სახეზე და მუხლი ავწიე, თავი დავხარე რომ სახე დამეფარა რამენაირად. „ეს მუხლი ჩამოწიე შენი დედა მოვტ*ან“ და იგივე, სახეში მთელი ძალით მირტყამენ. უკან ვიღაცები მედგნენ, იმათაც თავისი ხელი შემაწიეს, თავში ჩამარტყა ერთ-ერთმა. თან მიმეორებენ – შე უზრდელო, ეხლა გეცოდინება რომ პოლიციელი „ვიღაც“ არ არისო. ერთ-ერთი შემოლაწუნება ყურთან მოუვიდათ და მარჯვენა ყურში უცბად ძალიან ძლიერი წუილის ხმა ჩამერთო და თითქოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად გამეყინა. ორი დღე მესმოდა წუილი, ეხლა ხან გადის ხან ბრუნდება. დაგუბებულის შეგრძნება მაქვს და ხმები სხვანაირად მესმის მარჯვენა ყურში, თითქოს ნაკლებად, ვატკაცუნებ აქეთ-იქით თითებს ვამოწმებ, მაგრამ ვერ ვიგებ ზუსტად სმენაზე იმოქმედა თუ არა“ – ამბობს მჟავანაძე.

მისი თქმით, განყოფილებაში კამერებს დაუყო ძებნა, მაგრამ ვერსად იპოვა. აქტივისტი ამბობს, რომ ერთხელაც კი არ მიუყენებია საპასუხოდ რაიმე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ერთადერთი რასაც აკეთებდა, მისი თქმით, იყო რომ არ არ გაჩერებულა და მუდმივარ უმეორებდა, რომ მოძალადეები და სისიხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ:

„ვუხსნიდი ყველაფერს, რომ სულ უზრდელობა რომ გამომეჩინა, რაც თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულია-მეთქი. ეს მსუყე მუდმივად მემუქრებოდა, რომ კიდევ გცემთო და არ გავჩერდი და ბოლოს ამბობს, ეს გიჟია მემგონი აზრი არ აქვსო. ოქმი სასამართლოში ვნახე და მიწერია, რომ მონებს ვუწოდებდი, ვაგინებდი და უწიგნურებსა და გაუნათლებლებს ვეძახდი. არცერთი სიტყვა და ფრაზა არ გამომიყენებია. უბრალოდ მგონია, რომ ჩემი საუბრიდან თავად გააკთეს შეუცნობლად დასკვნა, რომ უწიგნურები და გაუნათლებლები არაინ”, – ამბობს აქტივისტი.

მისი თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრ: „მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს ყ*ეზე ვიხევ, მე ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც“. აქტივისტის განცხადებით, იგივე პოლიციელი სექსუალური ძალადობითაც დაემუქრა.

“რაღაც მომენტში გადაეკეტა, ისევ გამოიქცა დასარტყმელად და ვიღაცებს ეყოთ გონება რომ შეეკავებინათ. მერე დაუძახა ვიღაცას, მიდი მიდი გამოიტანე რა გადავპარსოთ თავი ამ ნაბო…სო. გამეცინა, საიდან გაუჩნდა საერთოდ ეგ იდეა, რომ თავი უნდა გადაეპარსა. მერე დააყოლა ყლ..თანაც უნდა გაგპარსოო…

…მერე ისევ ეს კანკავა მოდის და მაგინებს და მეუბნება: „შე პი*არასტო, რანაირად გაცვია, ეგრე რო არ უნდა მოხვიდე პოლიციის განყოფილებაში არ იცი? ნახე რას გავხარ შე პი*არასტო, მიდი ერთი გადაუღე ფოტო რა რანაირია“, – ეუბნება პოლიციელებს, რომლებმაც წამომაგდეს ფეხზე დამაყენეს და გადამიღეს ფოტო. არადა მშვენივრად მეცვა“ – ამბობს მჟავანაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციელები მის ცემას მორჩნენ, უმეორებდა მათ, რომ 4 წლის შვილი ბაღში ელოდებოდა და უნდა გამოეყვანა. მისი თქმით, სთხოვდა ძმასთან დარეკვის უფლება მიეცათ, რომ ბავშვთან მისულიყო, თუმცა საათნახევრის განმავლობაში პასუხობდნენ, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ზარის უფლება არ ჰქონდა:

„საათნახევარი არ დავნებდი, ნელ-ნელა გამომკითხეს ბაღს რა ერქვა, სად მდებარეობდა და ა.შ. და რომ დარწმუნდნენ არ ვიტყუებოდი, ბოლოს ვიღაცას შეაწუხა სინდისმა და მოდი დავურეკოთ და შევატყობინოთო. ვუკარნახე ჩემი ძმის ნომერი, დაურეკეს, შენი ძმა დაკავებულია ბავშვს მიაკითხე ბაღშიო. ადვოკატთან რა თქმა უნდა არ დამარეკინეს, ამაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, მაგრამ ვიცოდი ისედაც ჩემი ძმა დაურეკავდა ადვოკატს. უამრავი სიტყვიერი შეურაცყოფა მომაყენეს დასამცირებლად, რის მოყოლასაც აზრი არ აქვს, ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ საკუთარი ფანტაზიით. მემუქრებოდნენ, რომ ფორმის გარეშე მნახავდნენ და „დედას მომიტ*ნავდნენ“, შენი საცხოვრებელიც ვიცით და ადვილად გიპოვით, ვერსად დაგვემალებიო. კაი ჩემო ძმაო-მეთქი, თუ ეგეთი გადაწყვეტილი გაქვთ, რა გაეწყობა…

მოიყვანეს ყველაზე ახალგაზრდა, დაბნეული, მორიდებული, ერთი შეხედვით ყველაზე შტერი პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თავზე მეორე, „გამოცდილი“ თანამშრომელი ედგა და კარნახობდა ოქმში რა უნდა ჩაეწერა. ოქმი რომ ვნახე, სულ 4 წინადადება წერია ზედ, საათნახევარი რას ადგენდნენ ვერც ვხვდები. ოქმის შემდეგნი თანაშრომელი ჯონი სამხარაძე, საერთოდ არ მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში, თუმცა მას დაევალა „რატომღაც“ ოქმის შედგენა. რომ წერდა ვუთხარი ცრუ მოწმედ გიყენებენ, მოგიწევს სასამართლოში მოსვლა და ცრუ ჩვენების მიცემა და სისხლის სამართლის დანაშაულია მეთქი ეგ. შეცბა უცბად ზემოთ აიხედა, კამერები გადაამოწმა, რომ არაფერი იყო მშვიდად გააგრძელა კარნახის წერა. ამაზე მსუყემ ჩაიცინა: „ბიჭო უყურებთ ამ კრისას, რა დედამოტ*ნულია?“

მორჩნენ როგორც იქნა ოქმის წერას, ჩააბარეს ჩემი თავი 3 ახალგაზრდა პოლიციელს, პირად მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორისკენ, ზაჰესში. უკანა სავარძელზე ვზივარ, აქეთ იქით მისხედან პოლიციელები, ვატყობ ესენი ცოტა დათრგუნული და შეწუხებულები არიან, მარჯვენა მხარეს მიზის ძალიან შეწუხებული ახალგაზრდა ბიჭი და ძლივს წამოილუღლუღა: „მე დაგირეკე, რომ მოსულიყავი“. გამეცინა, როგორც იქნა შეიკრა წრე. რა გქვია? შენი სახელი არ ვიცოდი და კი ნახე რაც მიქნეს მეთქი. ნიკაო, მიპასუხა, ოკ-მეთქი, ქულ.

ბორკილები წინ გადმომიტანეს, პატივი მცეს, გააჩერეს მანქანა სადღაც, სიგარეტი მომაწევინეს, დაგიტოვებ სიგარეტსო ეს ნიკა მეუბნება, მაინც არ შემატანინებენ იზოლატორში, არ იდარდო, რადგან დაგეხსენით, მომხედავენ ჩემები-მეთქი. მიმიყვანეს იზოლატორში, ჩამაბარეს, იქ ყოვლეთვის სიწყნარეა, ცუდად არავინ დაგელაპარაკება და შეგეხება, რაც მე და ჩემს მეგობრებს გამოცდილება გვაქვს, ყოველშემთხვევაში. ციხე და დროებითი მოთავსების იზოლატორი (ე.წ. კაპეზე) სხვადასხვაა“ – ამბობს მჟავანაძე.

როგორც ნეტგაზეთს მჟავანაძის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გიორგი მჟავანაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კი მაშინ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი