ახალი ამბები

ბოდიშს ვიხდით, ცრუ მოლოდინი შეიქმნა, რომ ოლიგარქია უცებ დაემხობოდა – „სირცხვილია“

8 ივლისი, 2022 • 893
ბოდიშს ვიხდით, ცრუ მოლოდინი შეიქმნა, რომ ოლიგარქია უცებ დაემხობოდა  – „სირცხვილია“

ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, – საორგანიზაციო გუნდმა „ცრუ მოლოდინი შექმნა, რომ ოლიგარქია იმავე დღეს დაემხობოდა“, ამისთვის ბოდიშს იხდის და მომავალ გეგმებზე საუბრობს.

„სირცხვილია“ აცხადებს, რომ კამპანია „შინ, ევროპისკენ“ მაისის მიწურულს დაიწყეს, – მაშინ, როდესაც „ჯერ თითქმის არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ხელოვნურად ნაკვები განზიდულობის მიუხედავად, ათი ათასობით განსხვავებულ ადამიანს ძალისხმევა გაგვეერთიანებინა“.

„ვიაზრებდით რა, რომ ეროვნული იდეა ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფზე დიდია, ჩვენ ფართოდ გავხსენით კარი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფისა და ორგანიზაციისათვის, რათა ყველას შეძლებოდა, წვლილი შეეტანა ეროვნული ინტერესის დაცვაში. აგრეთვე დავაწესეთ პროტესტის მკაცრი ტაქტიკური ჩარჩო – არაძალადობრიობა“, – წერს მოძრაობა.

ამასთან, „სირცხვილია“ წერს, რომ ის ახლაც რჩება „მაქსიმალური ჩართულობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპის ერთგული“, მაგრამ,, ამავდროულად აცნობიერებს შეცდომებსა და ხარვეზებს, რომლებმაც „ბევრი ინტერესის დაბალანსებისა და კონსენსუსის ძიების პროცესში თავი იჩინეს“.

„ამ მცდელობებმა მიითვისეს ყურადღება, რომელიც მთავარი აქტორისთვის – ხალხისთვის უნდა დაგვეთმო, რათა 3 ივლისის აქციის მიმართ მოლოდინები სწორად გვემართა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ უფრო მკაფიოდ და გასაგებად მიგვეტანა ადამიანებამდე სამოქმედო გეგმა, რათა მათ წინასწარ სცოდნოდათ, რისთვის მოდიოდნენ აქციაზე. შეკრების თავდაპირველი მიზანი, მთავრობის სხდომის გაუქმება, გადაფარა საორგანიზაციო გუნდს მიღმა შექმნილმა ცრუ მოლოდინმა, რომ ოლიგარქია იმავე დღეს დაემხობოდა და ბრძოლაც დასრულდებოდა“, – აცხადებს „სირცხვილია“.

მოძრაობა ბოდიშს უხდის საზოგადოებას და პირობას დებს: „აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, რომელიც სახალხო მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“ ყველაზე მკაფიოდ 20 ივნისს გამოხატა“.

„ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და ჩვენთვის არცერთი მოთხოვნა, პოლიტიკური გემოვნება თუ მისწრაფება არ დგას ეროვნულ იდეაზე – ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე მაღლა“, – წერია 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ არ უნდა გაგვიფანტოს ყურადღება ვიწროპარტიულმა ინტერესებმა და უნდა ვკონცენტრირდეთ 12 მოთხოვნაზე, რომელიც პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, შემდეგ კი ჩვენგან – ევროკავშირს.

ჩვენ უნდა დავიცვათ 150 ათასი ადამიანის გამოსვლით გამოხატული იდეა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს აერთიანებს.

ჩვენ ვაპირებთ, რომ საშუალო და გრძელვადიანი გეგმები მხოლოდ ევროინტეგრაციის უზენაეს მიზანს დავუკავშიროთ.

ეს პროცესი წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვირგვინდება, თუ მასში თითოეული ჩვენგანი ჩაერთვება. გთხოვთ, არ გაანელოთ თქვენში საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სურვილი“, – აცხადებენ მოძრაობის ლიდერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი