რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ აშშ-ს სურვილი არ აქვს, საქართველო ომში ჩაერთოს.
ამის შესახებ კონგრესმენი ტვიტერზე წერს, რითიც ეხმიანება ბოლო პერიოდში საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს.
„რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვინდა გარკვევით ვთქვათ: აშშ ცდილობს დაასრულოს ომი უკრაინაში ისე, რომ უკრაინამ ერთი ინჩიც არ დაკარგოს.
ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი არ გვაქვს. ეს სრული სიცრუეა“, – წერს კინზინგერი.
Regarding the misinformation in the Nation of Georgia, we want to be clear: the US seeks to end the fighting in Ukraine without Ukraine losing a single inch. We have NO desire to involve Georgia in the war. That is utterly false @usingeo #Georgia
— Adam Kinzinger????✌️ (@AdamKinzinger) August 1, 2022
„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუსტად იმიტომ უნდოდათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რომ ეს ათმაგად ზრდიდა ომის რისკებს.
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისთვის მიწერილ წერილში ვარაუდობს, რომ ელჩს ბიძინა ივანიშვილისგან ომში ჩართვა პირდაპირი ტექსტით არ მოუთხოვია, არამედ ირიბად — სანქციებზე მიერთების და პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნით და ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვით.
ამ თემაზე: