საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები — ვალერი გელბახიანი და შალვა ხაჭაპურიძე — აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის, ენმ-ში ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს თქვა, რომ სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად და მისი მთავარი ამოცანაა, ჯანმრთელობას მიხედოს.
„მიშა სააკაშვილი რკინა არ არის. ადამიანია, ავადაა და შველა უნდა. ახლა ყველა ყურადღება ამაზე უნდა გადავიდეს. პოლიტიკის გარეშე ვისაც უნდა, რომ მიშა გადარჩეს, ყველამ იაქტიუროს“, — თქვა გელბახიანმა.
ეს ინფორმაცია დაადასტურა დღეს, 31 ივლისს სააკაშვილის საქმეში კიდევ ერთმა ახლადჩართულმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
„დაბეჯითებიდან ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა. წავიდა, ასევე, მისი პარტიიდან. როგორც თვითონ ამბობს, არ უნდა, ქართულ პოლიტიკასთან ჰქონდეს რამე საქმე. არის რამდენიმე ფაქტორი. ამ ფაქტორებს დეტალურად არ ასახელებს. თუმცა როგოც ვიცი, აპირებს საჯარო განცხადების გაკეთებას“, — განუცხადა „ტვ პირველს“ ხაჭაპურიძემ.
„რატომ აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკურ განცხადებებს? ადვოკატის საქმე კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევაა და არა პოლიტკომენტატორობა“, — დაწერა Facebook-ზე დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ.
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აზრით, განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა.
„ადვოკატებს აქვთ დაცვის თავისი სტრატეგია. მათ ჩემზე უკეთ იციან, რას რატომ საუბრობენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, რომელიც პარტიის განუყოფელი ნაწილია, ბუნებრივია, მუდმივად იქნება ამ პარტიასთან ერთად. ვინმეს უნდა თუ არ უნდა, სააკაშვილი იქნება პოლიტიკის გამსაზღვრელი. ახლა „ვივამედის“ კლინიკაში რომ არის, რა, პოლიტიკაში არ არის?“ — განაცხადა მელიამ „ტვ პირველთან“ საუბარში.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ენმ-ის დეპუტატებს შეუძლიათ, მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში ინდივიდუალურად ან დელეგაციით შევიდნენ და ინფორმაცია დააზუსტონ.
„ტყუილი რატომ უნდა ვთქვათ?“ — კითხულობს იგი.
რა ამბობენ „ოცნებაში“?
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშილი სასჯელს იმიტომ არ იხდის, რომ იგი პოლიტიკაში მონაწილეობს ან არ მონაწილეობს.
„კონკრეტული დანაშაულები არის ჩადენილი და ამ დანაშაულების გამო იხდის სასჯელს“, — განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, არ იცის, რამდენად გულწრფელია სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის განზრახვა.
„არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პოლიტიკაში არსებობს თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუკი მისი გუნდი და დაღმაშენებლის რევოლუციის სტრატეგია კვლავ რჩება. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილი რეალურად რომც წავიდეს, არაფერს ცვლის“, — განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სააკაშვილის „წასვლა/არ წასვლა ქართულ პოლიტიკას მაინც და მაინც დიდ ნაკვალევს ვერ დაამჩნევს“.
„სხვა წარმოდგენა ჰქონდა, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდა და რეალურად სრულიად განსხვავებული ვითარება დახვდა — ამაშია მისი პრობლემა. რაც შეეხება იმას, რომ ეს ხრიკად განიხლება, ფუჭი მცდელობაა, იმიტომ რომ ერთმანეთთან თანხვედრაშიც არაა [პოლიტიკაში ყოფნა და პატიმრობა]“, — თქვა სარჯველაძემ.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ხედვით, საჭიროა, გადაიხედოს მამამისის როლი პოლიტიკაში, რაც „ქართულ ოცნებას“ გაუმარტივებდა კონსენსუსზე წამოსვლას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ თქვა, რომ მის შვილს პოლიტიკურ აქტოვაზე მასთან საუბარი არ სურს, თუმცა ადვოკატებს, როგორც ჩანს, მეტი ინფორმაცია აქვთ. გიული ალასანიას აზრით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უნდა გაუშვან.
საჭიროა, გადაიხედოს მამაჩემის როლი ქართულ პოლიტიკაში – ედუარდ სააკაშვილი
არანაირი სურვილი არ აქვს, ქართულ პოლიტიკაში დარჩეს – გელბახიანი სააკაშვილზე