პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახალმა ანგარიშმა „დაადასტურა“, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება.
„ბრალდებები, რაც მოვისმინეთ, თითქოს გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება, დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 ივლისს მესტიაში, „სვანეთობაზე“ ყოფნისას ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ვრცელი ანგარიში, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს საქართველოსთან დაკავშირებულ არაერთ ასპექტს, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 ივლისს გამოაქვეყნა.
ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს საქართველოსთან დაკავშირებულ არაერთ ასპექტს. საბანკო სისტემის შესახებ ქვეთავში წერია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში – 14 კომერციული ბანკით, რომელთაგან 13 უცხოურია, 2 კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. საბანკო სისტემა დახასიათებულია, როგორც სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი.
ამავე ქვეთავში საუბარია ფინანსური (და არა ეკონომიკური) სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობაზე. კერძოდ, ანგარიშის თანახმად:
„საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუციები აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების გზით“.
ანგარიშში სანქციებთან დაკავშირები სხვა არაფერია ნახსენები. ამ საკითხზე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში 2022 წლის 17 ივნისს ისაუბრა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა, და განაცხადა:
„ყურადღებით ვაკვირდებით, არსებობენ თუ არა კომპანიები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გავლით სანქციებს თავი აარიდონ, და გავაგრძელებთ ამ საკითხის ყურადღებით მონიტორინგს“.
ანგარიშის თანახმადვე, ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო კარგად პოზიციონირებს რეგიონულ ქვეყნებს შორის, თუმცა იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის მიმართ.