ახალი ამბები

ქართული საბანკო სისტემა სრულად მოქმედებს ფინანსური სანქციების შესაბამისად — აშშ

29 ივლისი, 2022 • 689
ქართული საბანკო სისტემა სრულად მოქმედებს ფინანსური სანქციების შესაბამისად — აშშ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში ამბობს, რომ:

  1. საქართველოს საბანკო სისტემა სრულად მოქმედებს რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესაბამისად;
  2. ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი, ზოგადად, კარგია, თუმცა სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა იზრდება.

ვრცელი ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ არაერთ ასპექტს დეტალურად მიმოიხილავს, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 ივლისს გამოაქვეყნა.

სანქციები

საბანკო სისტემის შესახებ ქვეთავში წერია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში – 14 კომერციული ბანკით, რომელთაგან 13 უცხოურია, 2 კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. საბანკო სისტემა დახასიათებულია, როგორც სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი.

ამავე ქვეთავში საუბარია ფინანსური (და არა ეკონომიკური) სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობაზე. კერძოდ, ანგარიშის თანახმად:

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუციები აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების გზით“.

ანგარიშში სანქციებთან დაკავშირები სხვა არაფერია ნახსენები. ამ საკითხზე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში 2022 წლის 17 ივნისს ისაუბრა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა, და განაცხადა:

„ყურადღებით ვაკვირდებით, არსებობენ თუ არა კომპანიები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გავლით სანქციებს თავი აარიდონ, და გავაგრძელებთ ამ საკითხის ყურადღებით მონიტორინგს“.

საინვესტიციო კლიმატი

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო კარგად პოზიციონირებს რეგიონულ ქვეყნებს შორის, თუმცა იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის მიმართ.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, იზრდება ეჭვები, რომ სასამართლოს ნაკლებად შეუძლია, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად.

იქვე ნახსენებია, რომ ბიზნესდავები სასამართლოში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ამასთან:

„სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის არაეფექტიანობას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, ბრალდებებს პოლიტიკურ ჩარევაზე, კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის კომერციულის, შერჩევით აღსრულებას და საკუთრების უფლების შესახებ დავების გადაჭრის სირთულეებს“.

დავები საკუთრების უფლებებზე- საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო არის რეგიონში მაღალ ადგილზე, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.

ანაკლიის პორტი და „ნამახვანჰესი“

ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს ანაკლიის პორტისა და ნამახვანჰესების პროექტებს.

„ანაკლია“ შემდეგ კონტექსტშია ნახსენები: ანგარიში მიუთითებს, რომ სატრანზიტო და ლოჯისტიკური სექტორები საქართველოსთვის პრიორიტეტული სექტორებია, რადგან აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ვაჭრობით შემოსავლის მიღებაზე ფიქრობს;

აქვეა ნახსენები 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, თუმცა 2020 წელს „მთავრობამ შეწყვიტა კონტრაქტი ჯგუფთან, რაც ინვესტორთან სამართლებრივ დავაში გადაიზარდა“.

იქვე წერია: „იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება სურს, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა“.

რაც შეეხება „ნამახვანჰესს“ , ამ პროექტზე ინფორმაცია პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს შესახებ ქვეთავშია მოცემული და წერია:

„2021 წელს თურქულმა კომპანია ENKA-მ გააუქმა 800 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი – ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორის მოტივით.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მრავალთვიანი საპროტესტო აქციები – მათ შორის სამშენებლო ზონაში შესვლის ბლოკირება – ადგილობრივი აქტივისტების მიერ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პროექტი დაიწყო საკმარისი კვლევისა და რისკების საფუძვლიანი განხილვის გარეშე.

საპროტესტო აქციების სერიების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ხელახალი მოლაპარაკება ENKA-სთან კონტრაქტის პირობების გასაუმჯობესებლად და ამ საუბრებში აქციის მონაწილეებიც ჩართო. თუმცა საპროტესტო ჯგუფები ჩამოშორდნენ პროცესს, რაც საბოლოოდ ნამახვანჰესის პროექტის გაუქმებით დასრულდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი