ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი MEGOBARI აქტის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ყველაფერს გააკეთებენ ამ კანონპროექტის წინ წასაწევად.
“MEGOBARI აქტი უფრო მეტად შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში […] როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე [ჯიმ რიში] და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, რათა წინ წავწიოთ ეს და სხვა ქმედითი კანონპროექტები ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში”, – ვკითხულობთ სენატორების განცხადებაში.
გუშინ, 27 მარტს, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი”, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორების თანახმად, „მეგობარი აქტი“:
- აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
- მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
- მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
- გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
- მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.
ამავე თემაზე: