“ქართული ოცნების” მიერ დრაკონული კანონების მიღება და მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს.
მისი თქმით, “მთავრობა დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ხალხს სასურველი მომავლისგან აშორებს და აახლოებს ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან”.
“ამერიკულ-ქართული ურთიერთობები დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, რაზეც მოქმედი მთავრობა არაერთგზის ამბობს უარს.
ამის ნაცვლად ამჟამინდელმა მთავრობამ საგანგაშოდ გადაუხვია ჩინეთისა და რუსეთისაკენ, ვისი ავტორიტარული მმართველობის სტილსაც ისინი სულ უფრო მეტად ჰბაძავენ”, – წერს ჯიმ რიში.
ბოლო დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ანტიკორუფციული ბიუროს ხელით და სასამართლოს გავლით რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამოქალაქო ორგანიზაციებს ათასგვარი ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, მათ შორის ცნობებს მათი ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების შესახებ. სამოქალაქო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.
აშშ-ის კონგრესში ინიციირებულია კანონი პროექტი, რომელსაც მეგობარი აქტი ჰქვია და რომელიც “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კონგრესის ქვედა პალატამ ეს აქტი უკვე მიიღო, ახლა ჯერ სენატზეა, რომლის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსაც სწორედ რესპუბლიკელი ჯიმ რიში ხელმძღვანელობს.