საქართველოს ანგლიკანური ეკლესიის პასტორალური ლიდერი ამბობს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელმა დედა შეაგინა.
თომა ლიპარტიანის თქმით, ეს მაშინ მოხდა, როცა ავთანდილ კვერნაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს მასთან შეხვედრა სურდა. თავად ავთანდილ კვერნაძემ ლიპარტიანის განცხადება ცილისწამებად შეაფასა “ნეტგაზეთთან” მიმოწერაში.,ვაშაყმაძე კი გამორიცხავს, რომ მისმა თანამშრომელმა ვინმეს შეაგინა.
ავთანდილ კვერნაძე, რომელზეც ლიპარტიანი საუბრობს, რელიგიის საკითხთა სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელია.
როგორც ლიპარტიანი ჰყვება, კვერნაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სააგენტოს თავმჯდომარეს მასთან “გაცნობითი ხასიათის შეხვედრა” სურდა. თომა ლიპარტიანი დასძენს, რომ კვერნაძემ სააგენტოს ოფისში პარასკევს, 15:00 საათისთვის ისე დაიბარა, არ მოუსმენია, სურდა თუ არა უწყებაში ვიზიტი.
“რატომ ‘მიბარებს’ ზაზა ვაშაყმაძე? – რამე დავაშავე და დაკითხვაზე მიბარებს თუ ჩემი ეპისკოპოსია და ანგარიში უნდა ჩავაბარო? ეს ყველაფერი იმ წამს გავიფიქრე, საუბრის მომენტში, თუმცა თავმოყვარეობასაც გადავაბიჯე და თანხმობა ვუთხარი.
ამავდროულად, დავამატე, რომ ჩვენი მღვდელი დღეს ჩამოდის საქართველოში, ჩემს უფლებამოსილებას მისი ზედამხედველობის ქვეშ ვახორციელებ და, შესაბამისად, პარასკევსაც წამოვიყვან ჩემთან ერთად-მეთქი.
ამაზე მპასუხობს, რომ “ბატონი ზაზა მხოლოდ თქვენ გიბარებთ და მღვდელი ნახევარი საათით სახლში დატოვეო” (არ მოგესმათ, მღვდელზე მეუბნება, რომ შინაური ცხოველივით სახლში დატოვეო).
თან ჩვენ თარჯიმანი არ გვყავსო, თუმცა ამაზე ვუთხარი, რომ მღვდელს მე გადავუთარგმნიდი საუბარს. კარგიო, ბატონ ზაზას შევუთანხმდებიო”, — წერს ლიპარტიანი “ფეისბუკზე”.
მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ ავთანდილ კვერნაძემ ისევ დაურეკა და სწორედ მეორე ზარისას მიაყენა შეურაცხყოფა:
“ბატონმა ზაზამ მითხრაო – მამაო სახლში დატოვოსო (არა და ეს მღვდელი ქალია) და თვითონ მოვიდესო. ამის შემდეგ დავიწყე ახსნა, თუ რატომ უნდა მახლდეს თან მღვდელი და მათ არ აქვთ უფლება, შეუთანხმებლად “დაკითხვებზე” დაგვიბარონ.
საუბარი უტაქტოდ და არაერთხელ შემაწყვეტინა, რაზეც მივუთითე, რომ მსგავსი რამ უზრდელური საქციელია. შენ მე ვინ გგონივარო, ამხელა კაცი ვარო, შენი დედა მოვ**ანო და გამითიშა – ასეთი პასუხი გამცა”.
საპასუხოდ კითხვისა, ადასტურებდა თუ არა ლიპარტიანის ნაამბობს, ავთანდილ კვერნაძემ “ნეტგაზეთს” მისწერა:
“ცილისწამება პირისათვის ზიანის მიმყენებელია”.
სანამ კვერნაძე გვიპასუხებდა, ინფორმაციის გადასამოწმებლად უშუალოდ ზაზა ვაშაყმაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გამორიცხა ლიპარტიანის მონათხრობის ნამდვილობა.
“ვინ, ჩემმა თანამშრომელმა შეაგინა სხვას? რა სისულელეა, როგორ გეკადრებათ? გამორიცხულია”, — დასძინა მან.
ვაშაყმაძეს ვუთხარით, რომ თუ სურდა, ვითარებას ავუხსნიდით.
“არა, არ მჭირდება ახსნა, მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ტყუილია ეს, სისულელეა, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი? 60-65 წლის კაცია, უწესიერესი კაცი. ცხოვრებაში არავინ გაუბრაზებია და თქვენ რას მეუბნებით, კაცმა შეიგინაო?” — გვიპასუხა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ვაშაყმაძემ იკითხა, თუ ვინ არის თომა ლიპარტიანი. მას შემდეგ, რაც მისი სტატუსი ვუთხარით, გვიპასუხა, რომ როგორც იცის, ანგლიკანურ ეკლესიას რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადება აქვს შეტანილი და თუ ეკლესია უკვე არსებობს, მაშინ რაღას ითხოვენ?
“…კაცს ცილს ნუ სწამებთ”, — გვითხრა ვაშაყმაძემ თავის თანამშრომელზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით.
საქართველოში ანგლიკანური ეკლესიის პირველ ღვთისმსახურება 2018 წლის აპრილში ჩატარდა. ეკლესიის მრევლი ყოველ კვირას თბილისში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შენობაში იკრიბება.
თომა ლიპარტიანის თანახმად, თავდაპირველად ეკლესიას სსიპ-ს(საჯარო სამართლის იურიდიული პირი) სტატუსის მიღება სურდა, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ ამაზე უარი უთხრა.
“არ ხართ ისტორიული რელიგიური ორგანიზაცია და ამ ფორმით ვერ დაგარეგისტრირებთო”, — უყვება ლიპარტიანი “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, იუსტიციის სახლიდან მისწერეს, რომ ეკლესიის შესახებ ინფორმაცია რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს გადასცეს.
თომა ლიპარტიანი დასძენს, რომ ამჟამად ანგლიკანური ეკლესია ააიპ (არასამეწარმეო იურიდიული პირის) სტატუსის მიღებას ცდილობს.
“ეკლესია რომ არსებობს, ამის უამრავი საბუთი გვაქვს — ვიდეოები, ფოტომასალა, თარგმანები და ა.შ.”, — აღნიშნავს ის.