ახალი ამბები

რელიგიის სააგენტო ძალიან ნაყოფიერად მუშაობს — ღარიბაშვილი

25 ივნისი, 2021 • 1588
რელიგიის სააგენტო ძალიან ნაყოფიერად მუშაობს — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ დაფუძნებული რელიგიის საკითხთა სააგენტო “ძალიან ნაყოფიერად მუშაობს”. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის შეკითხვის საპასუხოდ.

ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, რას აპირებს  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებაზე და როდის ექნება მზაობა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების თაობაზე.

“საჭიროა თუ არა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება, რომელსაც წელიწადში 5 მილიონ ლარს ვუხდით და არაეფექტურია. და როდის შეძლებთ, ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების პოლიტიკური ნება გასცეთ”, — მიმართა დეპუტატმა ღარიბაშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნაკაიძეს უთხრა, რომ ჯერ კიდევ თავისი პირველი პრემიერობისას, “არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმით” უცხადებდა მხარდაჭერას მუსლიმ თემს, რომელსაც სრული მხარდაჭერა ჰქონდა და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

რელიგიის საქმეთა სააგენტოსთან დაკავშირებულ კითხვას კი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

“სხვათა შორის, თქვენ ახსენეთ რელიგიის სააგენტო. მე არ ვიცი, რატომ ეწინააღმდეგებით ამ სააგენტოს, რომელიც ძალიან ნაყოფიერად მუშაობს ჩემი შეფასებით. ჩემს დროს შეიქმნა ეს სააგენტო და საბჭოთა კავშირის დროს დაზარალებულ კონფესიებს დავუნიშნეთ დაფინანსება, რომლებიც საერთოდ მივიწყებულები იყვნენ და თქვენ იცით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წინა ხელისუფლების დროს რელიგიის მსახურები.

სწორედ ჩემი მთავრობის დროს გამოიყო დაფინანსება და ვაპირებ, გავუზარდო დაფინანსება წელსაც და გაისად. მათ შორის, მათთვის მინდა, რომ გამოვყოთ რეზიდენცია და ა.შ. გვაქვს დაგეგმილი ასევე მეჩეთების დაკანონება, რომლებიც წლებია, ჩამოკიდებულია ჰაერში და რატომღაც არ უკანონდებოდათ. არადა, მათ სარგებლობაში იყო. ესეც დავალებული მაქვს. დავალებული მაქვს ასევე სხვა მიმდინარე პრობლემების მოგვარება”.

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა. სააგენტო მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისთვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნული უწყება უმოქმედოა და უნდა გაუქმდეს. ასე მოხდა, მაგალითად, სოფელ ბუკნარში მიმდინარე წელს ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, როცა რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ “EMC” და რამდენიმე არადომინანტურმა რელიგიურმა გაერთიანებამ სახელმწიფოს მოუწოდეს, გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი