ახალი ამბებიეკონომიკა

გვენეტაძის განმარტებით, ტრანზაქციები გახშირებული შემოწმებების გამო ფერხდება

27 ივლისი, 2022 • 3831
გვენეტაძის განმარტებით, ტრანზაქციები გახშირებული შემოწმებების გამო ფერხდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ უცხოეთიდან საქართველოში და პირიქით ტრანზაქციების შეფერხება უკავშირდება კომერციული ბანკების მომეტებულ რუტინულ შემოწმებებს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების ფონზე.

კობა გვენეტაძემ 27 ივლისს პარლამენტში წარადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ მას შეკითხვა დაუსვა ფინანსური ტრანზაქციების შეფერხებებთან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრი ტრანზაქციის შეფერხება ხდება „თიბისი ბანკიდან“ და „საქართველოს ბანკიდან“, რასაც საჩივრის სახით გვეუბნებიან. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, თქვენც მოგწერათ ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც 2 გადარიცხვა შეუჩერეთ 1 თვის განმავლობაში“, – მიმართა გოცირიძემ გვენეტაძეს და ამ საკითხზე განმარტება სთხოვა.

„რა ხდება? რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა და რამდენად შეიძლება, რომ ამან ისეთი ფორმა მიიღოს, რომ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს ქვეყანას და საფინანსო სისტემას“? – იკითხა რომან გოცირიძემ.

გვენეტაძის პასუხის თანახმად, „იქიდან გამომდინარე, რომ ახლა რუსეთის მიმართ უპრეცედენტო სანქციებია დაწესებული, ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა გადარიცხვებისათვის“.

„მოგეხსენებათ, საქართველო არის გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი. როდესაც ხდება გადარიცხვები საკორესპონდენტო ბანკების საშუალებით, მან უნდა გაიაროს გარკვეული წესები. ამ სიტუაციაში არსებული წესების შემოწმება კიდევ უფრო რუტინულად ხდება, რადგანაც, მოგეხსენებათ, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მსოფლიოში ფულის გათეთრების არაერთი დიდი შემთხვევა დაფიქსირდა. ამიტომაც ფრთხილობენ ბანკები, რასაც დაემატა უკვე სანქციებიდან გამომდინარე საკითხები“, – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისი შეფასებითვე, რუტინული შემოწმებების გახშირება დღევანდელ სიტუაციაში არის „აბსოლუტურად ბუნებრივი“:

„ამიტომ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მაშინვე, სანქციების გამოცხადებისთანავე გამოვაცხადეთ, – ჩვენ მოვთხოვეთ ფინანსურ სისტემას, რომ მას დაეცვა აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციები… გარდა ამისა, ორი მსხვილი ბანკი ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ავტომატურად მოექცნენ ამ რეჟიმში დიდი ბრიტანეთის რეგულატორის მხრიდან“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი