„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი აზრით, ენმ და სხვა, პარტნიორი პარტიები დამოუკიდებლად უნდა გაძლიერდნენ და, თუკი შემდეგი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, დამოუკიდებლად გავიდნენ არჩევნებზე.
ნიკა მელიას განცხადებით, ენმ თითქმის ყველა პარტნიორ პარტიას ესაუბრა და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „პარტიებსა და სხვადასხვა არაპარტიულ სუბიექტს აქვთ თანამშრომლობის უნარი“, თუმცა იქვე აცხადებს:
„ჩემი ხედვაა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად დამოუკიდებლად უნდა ძლიერდებოდეს, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები. თითოეულმა მათგანმა შესაკრები უნდა გაზარდოს“, – განაცხადა მელიამ 26 ივლისს, „მთავარ არხზე“ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას.
მელიას თქმით, პარტიებმა უნდა იმუშაონ საკუთარ მხარდამჭერებთან, რათა თავიანთი მხარდამჭერები გაააქტიურონ:
„პარტიას, რომელსაც აქვს 2%-იანი მხარდაჭერა, – მათ შორის კვლევებით, დავანებოთ თავი გაყალბებულ არჩევნებს, – მინდა, რომ ეს სუბიექტი გახდეს 4%-იანი, და მე თუ ვარ 32%-იანი, მინდა გავხდე 40%-იანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ამ მიზნით მუშაობს ამომრჩეველთან და სურს, რომ კოლეგებმაც იმუშაონ: „ადრე თუ გვიან შევკავშირდებით და უფრო ძლიერები გამოვალთ“.
„„გარედან სასახლე, შიგნიდან საქათმე“ არცერთი პარტია არ უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე ენმ-მ და სხვა პარტიებმა დამოუკიდებლად უნდა იყარონ კენჭი.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, – იმ შემთხვევაში, თუკი ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს.
პოლიტიკის კომენტატორების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ეს გათვლა იმ დაშვებას ეფუძნება, რომ ნაკლებად რეიტინგული პარტიები „გაიკრიფებიან“ და „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პოლარიზაცია გაღრმავდება, რაც მმართველ პარტიას პარლამენტში მეტ ადგილს მოუტანს, ეს მოცემულობა შესაძლებლობასაც აჩენს ოპოზიციური პარტიებისათვის;
კერძოდ, ეს აჩენს შესაძლებლბოას, მცირე პარტიები, მინიმალური განსხვავებებით, გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით სცადონ ამომრჩევლის მიმხრობა.
ვრცლად ამ საკითხზე:







