ახალი ამბები

ორბანის მრჩეველი პრემიერის “წმინდად ნაცისტური” სიტყვის შემდეგ გადადგა

27 ივლისი, 2022 •
ორბანის მრჩეველი პრემიერის “წმინდად ნაცისტური” სიტყვის შემდეგ გადადგა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი გადადგა მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია, ევროპელები გახდნენ “შერეული რასის ხალხი”.

ჟუჟა ჰეგედუსმა, რომელიც 20 წელია, ორბანს იცნობს და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იყო მისი მრჩეველი, უნგრული მედიის თანახმად, “წმინდად ნაცისტური ტექსტი” უწოდა პრემიერ-მინისტრის სიტყვას.

გასული კვირის ბოლოს ორბანი სიტყვით გამოვიდა რუმინეთის იმ რეგიონში, სადაც მრავალრიცხოვანი უნგრული თემი ცხოვრობს.

ორბანმა თქვა, რომ ევროპელი ხალხები თავისუფალნი უნდა იყვნენ ერთმანეთთან შერევის კუთხით, თუმცა არაევროპელებთან შერევამ, მისი სიტყვებით, “შერეული რასის სამყარო” შექმნა.

„ჩვენ მზად ვართ, შევერიოთ ერთმანეთს, მაგრამ არ გვინდა, გავხდეთ შერეული რასის ხალხები”, — ციტირებს მას BBC.

ორბანმა ასევე დასძინა, რომ ქვეყნები, სადაც ეს მისაღებია, “აღარ წარმოადგენენ ერებს”.

ვიქტორ ორბანის ანტისაიმიგრაციო ხედვები საყოველთაოდაა ცნობილი, თუმცა, როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ჟუჟა ჰეგედუსისთვის ორბანის ზემოხსენებული რეპლიკები წითელი ხაზი აღმოჩნდა.

“არ ვიცი, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა არის წმინდად ნაცისტური ტირადა, იოზეფ გებელსისთვის შესაფერისი”, — აღნიშნულია ჰეგედუსის წერილში, უნგრული გამოცემის, hvg.hu-ს მიხედვით.

ჰეგედუსი ასევე დასძენს, რომ დიდი ხნის მანძილზე იცავდა პრემიერ-მინისტრს, როცა ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა მისი ბოლო გამოსვლა გაუმართლებელია.

“გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასეთმა სამარცხვინო პოზიციამ მაიძულა, გავწყვიტო ჩვენი ურთიერთობა”, — წერს ის.

პრემიერ-მინისტრი მწვავედ გააკრიტიკეს ოპოზიციაშიც, რომელიც 2022 წლის არჩევნებში დიდი განსხვავებით დამარცხდა ორბანის პარტიასთან. “აუშვიცის საერთაშორისო” კომიტეტმა კი “სულელური და საშიში” უწოდა ორბანის გამოსვლას.

უნგრეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ორბანის რეპლიკები არასწორად არის წარმოდგენილი. ორბანის ადმინისტრაცია ჟუჟა ჰეგედუსის გადადგომას დათანხმდა, თუმცა რასიზმთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ გაიზიარა.

“20-წლიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, არ შეიძლება, სერიოზულად დამადანაშაულო რასიზმში. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რომ უნგრეთში ჩემი მთავრობა მიჰყვება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას როგორც ანტისემიტიზმის, ისე რასიზმის მიმართ”, — მისწერა ორბანმა ჰეგეუდსს, The Guardian-ის თანახმად.

სამთავრობო გამოცემამ, “Magyar Nemzet”-მა ორბანი შეაქო, აღნიშნა რა, რომ ის იცავს ეროვნულობის იდეას ყველა ერის “ნაცრისფერ, განუსხვავებელ მასად” შერევის მცდელობის წინააღმდეგ.

ორბანის მიმართ, რომელიც პოზიციონირებს “ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების” დამცველ პოლიტიკოსად “ლიბერალური ელიტების” წინააღმდეგ, მსგავსი კრიტიკა აქამდეც არაერთგზის ისმოდა. თუმცა მისი უახლოესი წრის წარმომადგენელთა გადადგომის შემთხვევები მკვეთრად იშვიათია.

ორბანი მიმდინარე წლის აპრილში მეოთხე ვადით გახდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, წინასაარჩევნოდ უნგრეთის ხელისუფლება ცდილობდა, დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ მას შეუძლია ქვეყნის დაცვა ომისგან, ოპოზიციას კი — არა.

ორბანი კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართა. მას შემდეგ, რაც არჩევნებში გაიმარჯვა, ორბანმა თავის ოპონენტებს შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი