ახალი ამბები

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ორბანმა ზელენსკი ოპონენტებს შორის დაასახელა

4 აპრილი, 2022 • 4312
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ორბანმა ზელენსკი ოპონენტებს შორის დაასახელა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შემდეგ გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავის ოპონენტებს შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაასახელა.

ნაციონალისტმა ორბანმა თავის ოპონენტებად ასევე მოიხსენია ევროკავშირის ბიუროკრატები და თქვა, რომ „გამარჯვება ისეთი დიდია, მისი დანახვა მთვარიდანაც კი შეიძლება, მით უმეტეს, ბრიუსელიდან“.

„ჩვენ ეს გამარჯვება სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება, რადგან მოგვიწია ბრძოლა დიდ მოწინააღმდეგეებთან. ამდენი ადამიანი გაერთიანდა ჩვენ წინააღმდეგ, მათ შორის, მემარცხენეები შინ, საერთაშორისო მემარცხენეები, ბიუროკრატები ბრიუსელში, მმართველი იმპერიის ყველა ფონდი და ორგანიზაცია, საერთაშორისო მედია და ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტიც კი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.


3 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა მემარჯვენე კონსერვატიულმა პარტია „ფიდესმა“, რომლის ლიდერი ვიქტორ ორბანი ქვეყანას 2012 წლიდან მართავს.

ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 98%, შედეგად, 53.1% მიიღო ფიდესმა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა რადიკალურად შეცვალა წინასაარჩევნო კამპანიის ბუნება. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი უნგრეთის ხელისუფლება, რომელიც ევროპაში ენერგატიკულად ყველაზე მეტადაა მიბმული რუსეთზე, ახლა იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მას შეუძლია ქვეყნის დაცვა ომისგან, ოპოზიციას კი — არა.

დასავლური მედია ვიქტორ ორბანს არაერთგზის მოიხსენიებს ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ევროკავშირში. თავად ამბობს, რომ “უნგრული პოლიტიკა” არც “უკრაინის მიმართ მეგობრულია და არც რუსეთის მიმართ”: ის “მეგობრულია უნგრეთის მიმართ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი