ახალი ამბები

ესმა გუმბერიძე: დაჩქარდეს გამოძიება „უსინათლოთა კავშირის“ საქმეებზე

26 ივლისი, 2022 • 743
ესმა გუმბერიძე: დაჩქარდეს გამოძიება „უსინათლოთა კავშირის“ საქმეებზე

„უსინათლოთა კავშირის“ წევრებმა, რომლებიც თითქმის ერთი თვეა აპროტესტებენ კავშირს დაქვემდებარებული ორგანიზაციიდან თანამშრომლების გათავისუფლებას, პარტია „ლელოს“ წევრ ვატო სურგულაძესთან ერთად თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.

სურგულაძემ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კავშირის მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებული ორი პირი, მათ შორის 9 აპრილის მონაწილე ლელა ვეფხვაძე, უკვე 24-ე დღეა შიმშილობს.

ბრიფინგს ესწრებოდა „უსინათლოთა კავშირის“ წევრი ესმა გუმბერიძეც, რომელმაც დედაქალაქის მერიას ცენტრში აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა, საგამოძიებო ორგანოებს კი, კავშირთან დაკავშირებული საქმეების დროულად გამოძიებისკენ:

„უსინათლოთა კავშირი დიახ, არსით არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა, ამავდროულად, იღებს ძალიან დიდ სახელმწიფო დაფინანსებას, მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან, იგივე კულტურის ცენტრი, რომელიც არის კავშირის მიერ დაფუძნებული ააიპ. შესაბამისად, თბილისის მერიას ძალიან მარტივად შეუძლია იქ ჩაატაროს აუდიტი და ის ბრალდებები, რომლებიც ცირა ვეფხვაძის მიმართ კავშირმა წამოაყენა და რითაც რეპუტაციას ულახავს, ჩატარდეს აუდიტი და გამოირკვეს, რა ხდება ამ ორგანიზაციაში.

როგორც კი კრიტიკული აზრი გაჟღერდება კავშირის მმართველი ელიტის წინააღმდეგ, მაშინვე ის ადამიანი დევნის მსხვერპლი ხდება. მათ შორის დევნის მსხვერპლი გავხდი მეც. ველოდები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიებას და ადეკვატურ რეაგირებას იმიტომ, რომ ჩემზე მიდის ახლა ჯგუფური ბულინგი, დისკრიმინაცია ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კიდევ უამრავი საქმეა პროკურატურაში კავშირის წინააღმდეგ შეტანილი, რომელიც სწრაფად საჭიროებს გამოძიებას. ის, რაც დაარეგულირებს ამ სიტუაციას, ეს არის პირველ რიგში გამოძიების რეალურად დაჩქარება როგორც ფინანსთა სამინისტროს და პროკურატურის, ასევე ჩემს საქმეზე. ასევე, წესდებაში ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ ეს ორგანიზაცია მართლაც წარმომადგენლობითი გახდეს“, – ამბობს ესმა გუმბერიძე.


რამდენიმე კვირის წინ უსინათლოთა კავშირიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, ისინი ხელმძღვანელობამ სწორედ მათი კრიტიკული მოსაზრებების გამო გაუშვა. სამი ყოფილი თანამშრომელი მეოცე დღეა, რაც კავშირის შენობაში შიმშილობს, მათ შორისაა 9 აპრილის მონაწილე ლელა ვეფხვაძე, რომელიც წელს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

მოშიმშილეები ითხოვენ უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრის დირექტორის, ცირა ვეფხვაძის და კიდევ 12 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას.

კავშირის წევრების თქმით, უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და შემოსავლები არამიზნობრივად განიკარგება.  მაგალითად, უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებული თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი ენუქიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა გააპროტესტეს უსინათლოთა კავშირის ქონების არამართებული გასხვისება.

მასალების გადაბეჭდვის წესი