საზოგადოება

„უსინათლოთა კავშირში“ სამი პირი მეათე დღეა შიმშილობს – რას აპროტესტებენ ისინი

8 ივლისი, 2022 • 993
„უსინათლოთა კავშირში“ სამი პირი მეათე დღეა შიმშილობს – რას აპროტესტებენ ისინი

„უსინათლოთა კავშირის“ სამი ყოფილი თანამშრომელი უკვე მეათე დღეა კავშირის შენობაში შიმშილობს. მათ შორისაა 9 აპრილის მონაწილე ლელა ვეფხვაძე, რომელიც წელს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. მოშიმშილეები ითხოვენ უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრის დირექტორის, ცირა ვეფხვაძის და კიდევ 12 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც. მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თავიდან ასაცილებლად ომბუდსმენი მოუწოდებს „უსინათლოთა კავშირს“, ურთიერთმოლაპარაკებით მიაღწიონ შეთანხმებას გათავისუფლებულთა შრომითი უფლებების აღდგენის თაობაზე.

გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამჟამად სწავლობს გათავისუფლების კანონიერების საკითხს, თუმცა აცხადებს, რომ უსინათლოთა კავშირის მხრიდან იკვეთება საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კანონმდებლობით გარანტირებული შრომითი უფლებების დარღვევის ნიშნები:

„სახალხო დამცველისთვის ასევე ცნობილია, რომ აღნიშნულმა თორმეტმა პირმა, დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით, შესაბამისი სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მიღებულია წარმოებაში, თუმცა მოცემული საქმეების განხილვა და მათზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული“, – ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, გათავისუფლებულთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელთაგან სამმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, რაც, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უკიდურესი საფრთხის შემცველია და მოუწოდებს „საქართველოს უსინათლოთა კავშირის” თავმჯდომარესა და გამგეობას, საკითხი ურთიერთმოლაპარაკებით გადაწყვიტონ.

რას აპროტესტებენ მოშიმშილეები

„უსინათლოთა კავშირის“ მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრის დირექტორი ცირა ვეფხვაძე თანამდებობიდან 28 იანვარს გაათავისუფლეს. როგორც ვეფხვაძე აცხადებს, აღნიშნულ თანამდებობას 11 წელი იკავებდა, გათავისუფლების შესახებ კი ფეისბუკიდან შეიტყო.

„უსინათლოთა კავშირი არასამეწარმეო“ (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომელიც ხელმძრვანელობის განმარტებით ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. კავშირი მის საკუთრებაში არსებული საწარმოებიდან მიღებული შემოსავლით და უძრავი ქონების იჯარით ფინანსდება.  კულტურის ცენტრი კი მისი დაფუძნებული ორგანიზაციაა, სადაც ფუნქციონირებს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები, ლიტერატურის, დრამატული, ინგლისურის, შაშისა და ჭადრაკის წრეები, ბიბლიოთეკა, ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი „სინათლე“ და ხმის ჩამწერი სტუდია ცოდნა.

ვეფხვაძის თქმით, გათავისუფლების ბრძანებაში კავშირმა მიუთითა, რომ ვეფხვაძე შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა თანამშრომლებს, რომლებიც მის ნებას არ ემორჩილებოდნენ. ამასთან, დაკისრებულ მოვალეობებსაც ვერ უძღვებოდა სათანადოდ. ვეფხვაძე ყველა ზემოაღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა ფინანსური პრობლემებისა და ახალი ხელმძღვანელის არჩევისას მისი განსხვავებული პოზიციის გამო, რაც ვეფხვაძის ვარაუდით, მისი გათავისუფლების რეალური მიზეზიც გახდა.

კერძოდ, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ცირა ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ ცენტრს წლების განმავლობაში სამი ძირითადი დონორი ჰყავდა, კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და უსინათლოთა კავშირის სახით. კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული ორი დონორი ორგანიზაციამ მისი მუშაობის შედეგად მოიპოვა და დაფინანსების გაზრდასაც მიაღწია, თუმცა 2020 წელს პანდემიის გამო დაგეგმილი ფინანსების მიღება ცენტრმა ვეღარ შეძლო:

„2020 წელს კულტურის სამინისტრომ 120 000 ლარის ნაცვლად, რომელიც უკვე წინასწარ გვქონდა გათვლილი, მოგვცა 85 000 ლარი. შემდეგ წელს კი 120 000-ის ნაცვლად, 50 000 მოგვცეს. ჩემი არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამინისტროში მითხრეს, რომ დაფინანსება სხვებსაც დააკლეს და მეტის საშუალება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ მივმართე დამფუძნებელს, საქართველოს უსინათლოთა კავშირს.

კავშირმა მითხრა, რომ შენ ხარ დამოუკიდებელი ორგანიზაცია და რაც გინდა, ქენი, საიდანაც გინდა, ეს ფული მოიტანეო. ბუნებრივია, ვერსაიდან მოვიტანდი ამ თანხებს და სიტუაცია ჩემსა და კავშირს შორის დაიძაბა. წარმოიდგინეთ, 70 000-ის დანაკლისი როგორია, როცა ეს არის კულტურის ცენტრის 3.5 თვის დაფინანსება“, – ამბობს ცირა ვეფხვაძე.

ცირა ვეფხვაძის განცხადებით, ამას დაემატა 2021 წლის სექტემბერში კავშირში ჩატარებული არჩევნებიც, სადაც რამდენიმე კანდიდატს შორის ვეფხვაძემ მხარი მის მოსწავლეს დაუჭირა, არჩევნები არადემოკრატიულად შეაფასა. პანდემიით გამოწვეული ფინანსური პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ კი ვითარება კიდევ ერთხელ 2022 წლის იანვარში დაიძაბა:

„2022 წლის იანვარში კავშირმა კიდევ უფრო დაგვიმძიმა მდგომარეობა. მე კავშირს ვთხოვდი, რომ ვიდრე კულტურის სამინისტრო მარტიდან დაიწყებდა თანხის ჩარიცხვას, იანვარ-თებერვალში ჩვენ გვინდოდა სრული დაფინანსება, რათა ხელფასები სრულად გაგვეცა, რასაც კავშირი ყოველთვის აკეთებდა.

მათ მითხრეს, რომ ჩვენ შენ რა გრანტიც გაქვს, ამას გაგიყოფთ 12 თვეზე და ეს 1/12 გაეცი იანვარში, შემდეგ- თებერვალში, და რომ მიიღებ სამინისტროსგან თანხას, გასწორდება ყველაფერიო. თითქოს სწორია ამგვარი მიდგომა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში ხელფასის 40% უნდა გამეცა, რაც ისედაც დაბალი ანაზღაურების პირობებში ძალიან მცირე თანხა გამოდიოდა“ ,- აცხადებს ცირა ვეფხვაძე.

აღნიშნულის შემდეგ, ვეფხვაძე აცხადებს, რომ 28 იანვარს გაათავისუფლეს, რასაც ცენტრის კიდევ 11 თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა. კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის თქმით, თანამშრომლები, რომლებიც მას უჭერდნენ მხარს, სამსახურში ერთი კვირის განმავლობაში არ დადიოდნენ, 9-10 თებერვალს კი გაფრთხილება მიიღეს, რომ თუ სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებოდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება იყო და პანდემიის გამო თანამშრომლების ნაწილი ისედაც არ დადიოდა სამსახურში. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, თანამშრომლები დაარწმუნა, 14 თებერვალს სამსახურში გასულიყვნენ, თუმცა მისულებს გათავისუფლების ბრძანებები დახვდათ. სამსახურში აღდგენის მოთხოვნით როგორც ცირა ვეფხვაძემ, ასევე დანარჩენმა გათავისუფლებულებმა სასამართლოს მიმართეს.

„უსინათლოთა კავშირის“ დირექტორი სოფო ხუციშვილი აცხადებს, რომ 11-დან 8 თანამშრომელს დაუყოვნებლივ შეუძლია სამსახურში დაბრუნება და ამისთვის ხელშეკრულებებიც უკვე მზადაა. 3 თანამშრომლის შემთხვევაში კი შტატები უკვე შეავსეს და, შესაბამისად, ყოფილ დასაქმებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებენ:

„დღესვე ვაცხადებთ, რომ 8 თანამშრომელს რომლებიც ჩვენი წევრები არიან, მათ შორის ქალბატონ ლელა ვეფხვაძეს და მის შვილს, შეუძლიათ ახლავე მიბრძანდნენ და ხელშეკრულებებს ხელი მოაწერონ, დანარჩენ სამ თანამშრომელს ჩვენ ვთავაზობთ, გაგრძელდეს სასამართლო დავა, რადგან ის პოზიციები უკვე დაკავებულია.

მოგვიწია, სასწრაფო წესით ამ ვაკანსიებზე ახალი თანამშრომლები აგვეყვანა. ახლა მათთან რომ გავწყვიტოთ ხელშეკრულება, მათთანაც მოგვიწევს დავა, ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტოს, რომელი მხარეა დამნაშავე, ჩვენ თუ ისინი. თუ სასამართლო გვეტყვის, რომ თქვენ ხართ დამნაშავეები, ისინიც აღდგებიან პოზიციაზე“, – ამბობს სოფო ხუციშვილი.

თუმცა გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ცენტრში აღდგენას დათანხმდებიან ხუციშვილის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ.

რა შემთხვევაში გეგმავს უსინათლოთა კავშირი მოშიმშილე ცირა ვეფხვაძის პოსტზე აღდგენას

ცირა ვეფხვაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი გათავისუფლებიდან 1 თვეში კულტურის ცენტრში შიდა აუდიტი შევიდა. ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ  წლის ბოლო თვეებში ცენტრში ისინი, ვისი წლიური ხელფასიც შედარებით მეტი იყო, ნებაყოფლობით შემოწირულების სახით თანხას აგროვებდნენ, რომელიც შემდგომ ირიცხებოდა ორგანიზაციის ანგარიშზე და გამგეობა წყვეტდა, თუ რაში დაიხარჯებოდა.

ვეფხვაძის თქმით, აღნიშნული თანხა 2021 წლის ბოლოსაც შეგროვდა, მაგრამ დეკემბერში რამდენიმე თანამშრომელმა თანხის სესხება სთხოვა, რაზეც უარი ვერ უთხრა:

„დეკემბრის ბოლოა და კულტურის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი მეუბნება, რომ ფული სჭირდებათ და თუ შეუძლია ცენტრს, ეს თანხა იანვრის ბოლომდე ასესხოს. ჩვენ იმდენად ახლო ურთიერთობა გვქონდა, ამ თანხას როდის შევიტანდით, პრინციპული მნიშვნელობაც არ იყო. 28 იანვარს ჩვენთან ჩაირიცხა დაფინანსება, 6-მა ადამიანმა, რასაკვირველია, მაშინვე მიიტანა თანხა, მაგრამ მე აღარ ვარ იქ. ყველამ იცოდა, რომ თანხა უჯრაში იდო. 7 თებერვალს მე თავად შევატანინე ჩვენს ერთ-ერთ ნაცნობს კულტურის ცენტრის ანგარიშზე“ ,- ამბობს ცირა ვეფხვაძე.

უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელი სოფო ხუციშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულს ვეფხვაძის გათავისუფლებასთან კავშირი არ აქვს, რადგანაც აუდიტი ამის შემდეგ შევიდა ცენტრში, თუმცა აცხადებს, რომ ვეფხვაძის ამ ქმედებაში სავარაუდო დანაშაულის ნიშნები დაინახა, რის გამოც პროკურატურას მიმართა. საკითხით დაინტერესების მიზეზად კი ხუციშვილი თავად კულტურის ცენტრის თანამშრომლების მიმართვას ასახელებს.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ პროკურატურა ვერ დაადგენს დანაშაულის ნიშნებს ან/და ცირა ვეფხვაძის ბრალეულობა გამოძიების პროცესში არ გამოიკვეთება, გამგეობა მის თანამდებობაზე დაბრუნების საკითხსაც განიხილავს.

პროკურატურამ აღნიშნული საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა, სადაც ამჟამად საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ პირებზე, მათ შორის ცირა ვეფხვაძეზე, სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.

რა პოზიცია აქვს კავშირს მესამე მოშიმშილის, გიორგი ენუქიძის საკითხზე

კიდევ ერთი პირი, რომელიც ცირა და ლელა ვეფხვაძეებთან ერთად უსინათლოთა კავშირის შენობაში უკვე მე-10 დღეა შიმშილობას აგრძელებს, გიორგი ენუქიძეა, რომელიც კავშირის ხელმძღვანელის, სოფო ხუციშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ენუქიძეა ერთადერთი თანამშომელი, რომლის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით უსინათლოთა კავშირს ხისტი პოზიცია აქვს.

სოფო ხუციშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ენუქიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო და ის არ შეიცვლება:

„რაც შეეხება ბატონ გიორგი ენუქიძეს, რომელიც ჩემი მოადგილე იყო, მოხდა ის, რომ ჩვენ შორის სიტუაცია დაიძაბა, ვერ თანამშრომლობდა ჩემთან, იყო მისგან მუქარა, დამცირება, შეურაცხყოფა და კიდევ ბევრი მიზეზი გახლდათ, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს სოფო ხუციშვილი.

ამასთან, უსინათლოთა კავშირის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში მათ ენუქიძემაც უჩივლა, თუმცა პირველ და მეორე ინსტანციებში გადაწყვეტილება სასამართლომ უსინათლოთა კავშირის სასარგებლოდ მიიღო.

თავად ენუქიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ხუციშვილის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მუშაობის პერიოდში კავშირის კუთვნილი ქონების არამიზნობრივი გამოყენების აქტები გამოავლინა, რასთან დაკავშირებით პროკურატურასაც მიმართა, თუმცა გამოძიება 6 თვეა კონკრეტული შედეგის გარეშე მიმდინარეობს:

„ჩემი გათავისუფლება უკავშირდება უსინათლოთა კავშირის ქონების არამართებულ გასხვისებას და ამაზე ჩემს წინააღმდეგობას. ერთი იყო, შპს-ის 49% წილის გადაცემა კერძო პირზე, ასევე, მცხეთაში 12 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი… კვადრატული 15 თეთრად იჯარითაა გაცემული, ქვეიჯარის უფლებით. ყველა ხელშეკრულება, რაც დადებული აქვთ, 90% შეიცავდა კითხვის ნიშნებს“, – ამბობს გიორგი ენუქიძე.

მისი თქმით, სასამართლომ მეწარმეთა კანონში შესული ცვლილებით იხელმძღვანელა, რომლის მიხედვითაც, დამფუძნებელ კრებას შეუძლია, მმართველ პოზიციაზე დასაქმებული დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს და გეგმავს, სამივე ინსტანციაში საქმის დასრულების შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი