უსინათლო პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სარჩელისა და შესაგებელის ელექტრონულ ფორმები. ეს არის შშმ ქალების – ესმა გუმბერიძისა და მარიამ მიქიაშვილის 9-წლიანი სასამართლო დავის შედეგი, რომელშიც მათ ინტერესებს უფლებადამცველი ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იცავდა.
გარდა ამისა, გუმბერიძე და მიქიაშვილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000-10 000 დოლარს მიიღებენ.
PHR-ში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საქმე სასამართლოში, რომელმაც პირდაპირ დააყენა საკითხი – ნიშნავს თუ არა მართლმსაჯულებაზე ფორმალური წვდომა რეალურ მისაწვდომობას?
ორგანიზაციამ გუმბერიძისა და მიქიაშვილის სახელით სასამართლოში სარჩელი 2017 წელს შეიტანა. ისინი ითხოვდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, სარჩელისა და შესაგებელის ელექტრონული ფორმები უსინათლო პირებისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი სპეციალური წამკითხველის მეშვეობით. გარდა ამისა, მოსარჩელეები ითხოვდნენ დისკრიმინაციის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
9-წლიანი დავა, უზენაეს სასამართლოში მორიგებით დასრულდა.
“არსებული ფორმები უსინათლო პირებს ართმევდა სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის შესაძლებლობას და არღვევდა თანასწორობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მართლმსაჯულებაზე ეფექტური წვდომის უფლებას. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ პრობლემა მხოლოდ „ტექნიკური ხარვეზი“ იყო და არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციული მოპყრობა. სასამართლოები დაეყრდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებას, თითქოს არსებული ბარიერები პროგრამული გაუმართაობით იყო გამოწვეული და შემდგომში აღმოიფხვრა.
სააპელაციო სასამართლოში მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ არსებული პრობლემა „ტექნიკური ხარვეზი“ კი არა, არსებითი ბარიერი იყო, რომელიც უსინათლო პირებისთვის ფორმების პრაქტიკაში გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა.
დავის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო ფორმების ადაპტირების პროცესი რეალურად არასოდეს დასრულებულა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯერ კიდევ თავდაპირველ შესაგებელში მიუთითებდა, რომ საკითხი 2017-2021 წლების მართლმსაჯულების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული, თუმცა აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდა. მოგვიანებით საბჭომ განმარტა, რომ 2023 წლის სამოქმედო გეგმით ფორმების სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფის ვადამ 2035 წლამდე გადაიწია.
არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ სარჩელის შეტანიდან თითქმის რვა წლის შემდეგაც კი ადაპტირებული ფორმები რეალურად არ არსებობდა. ასევე, სასამართლო განმარტავდა რომ უსინათლო მოსარჩელეებს შეეძლოთ სარჩელი სხვა პირის დახმარებით შეეტანათ”, – წერია PHR-ის განცხადებაში.
მოსარჩელეებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის შეთანხმების მიხედვით, ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება:
-
3 თვის ვადაში უზრუნველყოს სასამართლო ფორმების სრული ადაპტირება უსინათლო პირებისთვის;სპეციალურად ადაპტირებული ფორმები განათავსოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების ვებგვერდებზე;
-
გაავრცელოს ინფორმაცია მისაწვდომი ფორმების შესახებ როგორც ონლაინ, ისე სასამართლოების შენობებში;
-
თითოეულ მოსარჩელეს – ესმა გუმბერიძესა და მარიამ მიქიაშვილს – მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარი გადაუხადოს.
