ახალი ამბები

„გალფი“ 32 ავტოგასამართი სადგურის იჯარით აღებას გეგმავს

26 ივლისი, 2022 • 702
„გალფი“ 32 ავტოგასამართი სადგურის იჯარით აღებას გეგმავს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ „გალფი“ გეგმავს „გალფთან“არსებული [იურიდიული სახელი – „სან პეტროლიუმ ჯორჯია“] 23 სხვადასხვა ეკონომიკური აგენტისგან 32 ავტოგასამართი სადგურის იჯარით აღებას.

ეკონომიკური აგენტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი. კონკურენციის სააგენტოს პრესრელიზში არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ეკონომიკური აგენტებისგან გეგმავს „გალფი“ სადგურების იჯარით აღებას.

სააგენტოს თანახმად, ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო,  რომლის ფარგლებშიც შეისწავლის „განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს“.

სააგენტო განმარტავს, რომ მისთვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს აღემატება და კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

„წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სააგენტოს გვერდის ავლით, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ აღემატება წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 5%-ს. კონცენტრაციის საფასური კი 5000 ლარია. ჯარიმის დაკისრება შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს“, – წერს სააგენტო.

„გალფი“ ეკუთვნის „პეტროკას ენერჯი გრუპს“. „პეტროკასის“ 49%-ს რუსული კომპანია „როსნეფტი“ ფლობდა, თუმცა 2022 წლის 11 მაისს გარიგების შედეგად „პეტროკას ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ „როსნეფტის“ ეს წილი გამოისყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი