ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის გაუჩინარების და წამების ფაქტების შესახებ გახდა მათთვის ცნობილი. ამის შესახებ ანგარიში HRW-მ გუშინ, 22 ივლისს გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის განცხადებით მათი წარმომადგენლები აღნიშნულ რეგიონებში 71 ადამიანს ესაუბრნენ, რომლებმაც მოქალაქეების “ძალით გაუჩინარების”, თვითნებური დაკავების და მათი წამების 42 შემთხვევა აღწერეს. HRW-თვის ცნობილი გახდა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ტყვედ ჩავარდნილი სამი წევრის წამების შესახებაც, რომელთაგანაც ორი დაიღუპა.
HRW-ის შეფასებით, ძალადობის მიზანი, ინფორმაციის მოპოვება და მოსახლეობაში შიშის გაღვივებაა, რათა ადამიანებმა ოკუპაციას წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
ორგანიზაციის მიერ გამოკითხული ადამიანები აღწერენ თუ როგორ აწამებდნენ მათ ან სხვა უკრაინის მოქალაქეებს ხანგრძლივი ცემისა და ელექტროშოკის გამოყენებით. წამების შედეგად მათ სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, მათ შორის ძვლების და ნეკნების მოტეხილობები, მძიმე დამწვრობები, ტვინის შერყევა, თვალის დაზიანებები, ასევე ჰქონდათ ჭრილობები და სისხლჩაქცევები.
ოკუპაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, ამბობს, რომ ის ბეისბოლის ჯოხით სცემეს. აქციის კიდევ ერთი მონაწილე ცემის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა. ოკუპანტების მიერ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქე კი იხსენებს, რომ შვიდდღიანი პატიმრობის შემდეგ ის “ძლივს დადიოდა”, ჩატეხილი ჰქონდა ნეკნები და მუხლის ძვლები.
ერთ-ერთი დაკავებული კაცის ცოლი ჰყვება, როგორ დააკავეს მისი მეუღლე ივლისში, სახლის ჩხრეკის შემდეგ და როგორ სცემეს რკინის ჯოხით, ასევე გამოიყენეს ელექტროშოკი, დაუზიანეს მხარი და თავი, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო.
სხვა დაკავებულები ასევე იხსენებენ, რომ პატიმრობის პერიოდში რუსებს მათთვის არ მოუხსნიათ ხელბორკილები, აძლევდნენ ძალიან ცოტა საკვებს და წყალს, სამედიცინო დახმარებას კი საერთოდ არ უწევდნენ.
HRW ასევე წერს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის სულ მცირე ერთი მოქალაქე იძულებით გადაიყვანეს ოკუპირებულ ყირიმში, სადაც “გამოსასწორებელი სამუშაოს” შესრულებას აიძულებდნენ.
ზოგიერთ შემთხვევაში კი რუსეთი დაკავებულ მოქალაქეებს მხოლოდ მას შემდეგ ათავისუფლებდა, რაც ისინი ხელს აწერდნენ განცხადებას ან წერდნენ ვიდეოს, რომ ითანამშრომლებდნენ ოკუპანტებთან და სხვებსაც ამისკენ მოუწოდბენდნენ.
HRW-ის ცნობით, ერთი შემთხვევის გარდა არ ფიქსირდება ფაქტები, როდესაც რუსეთის ძალებმა დაკავებულების ოჯახის წევრებს მათ ადგილსამყოფელზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ორგანიზაციის განმარტებით, ოკუპაციის ფონზე მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავებისა და წამების მაღალი რისკები არსებობს, თუმცა მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე გადასვლის შესაძლებლობა თითქმის არ აქვთ.
“ჩემი ტელეგრამ არხი მაქვს, მათ სიაში ვარ და მიმალვა მომიწია. გაფრთხილებული ვარ, რომ შეიძლება მოვიდნენ ნებისმიერ დროს. წასვლას ვერ ვრისკავ, რადგან მათ შავ სიაში ვარ”, – ეუბნება Human Rights Watch-ს ხერსონში მყოფი ერთ-ერთი ჟურნალისტი.
ორგანიზაციის ცნობით, 13 ადამიანი, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა მოახერხა, აღწერენ რუსების საგუშაგოებზე განვლილ საშინელ გამოცდილებებს და დაკავებებს.
უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში თამილა თაშევა Human Rights Watch-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერ ახერხებს ხერსონის რეგიონში გაუჩინარებული ადამიანების ზუსტი რაოდენობის დადგენას, თუმცა მისი თქმით, თებერვლის შემდეგ სულ მცირე 600 ადამიანი გაუჩინარდა.