ახალი ამბები

„სასწრაფოდ აიყვანოს ადვოკატი“ – წულუკიანი ზურაბიშვილზე

22 ივლისი, 2022 •
„სასწრაფოდ აიყვანოს ადვოკატი“ – წულუკიანი ზურაბიშვილზე

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აფასებს პრეზიდენტი ზურაბიშვილის 21 ივლისის ინტერვიუს. წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში აღიარა, რომ სცილდება კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ურჩევს, სასწრაფოდ ადვოკატი აიყვანოს:

„ ალბათ, საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს. ინტერვიუში თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები და გაამართლა რეალურად, რასაც ჩვენ ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა.

პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი წარუმატებელია. ეს არ არის მისი ფუნქცია, კონსტიტუცია ამას არეგულირებს სხვანაირად“, — ამბობს წულუკიანი.

თეა წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა, ყველა პრეზიდენტს „კონსტიტუციური კომპლექსი“ ჰქონდა:

„დასანანია, რომ ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს. ვერ ვიყოლიეთ საქართველოს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია.

რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი. იმიტომ, რომ ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს“, —  ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა რადგან, მისი შეფასებით, ამ უკანასკნელს აშშ-ში ელჩობისას “არაფერი გაუკეთებია”. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ, 21 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

ჯერ კიდევ მარტში „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ზურაბიშვილმა უარი განაცხადა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე. მაშინვე პარტიამ განაცხადა, რომ იწყებდა საკონსტიტუციო დავას.

სწორედ ამას ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში 6 ივნისს შეტანილი სარჩელიც, რომელიც აცხადებს, რომ ეფექტური საგარეო პოლიტიკის წარმოება მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა, შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი