ახალი ამბები

ხუნდაძის თქმით, პრაისის განცხადება სამეულს მიემართებოდა

22 ივლისი, 2022 •
ხუნდაძის თქმით, პრაისის განცხადება სამეულს მიემართებოდა

პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისს გუშინდელი განცხადება მისი და მასთან ერთად პარტიიდან წასული 2 დეპუტატის მისამართითი იყო გაკეთებული და მორიგ წერილს ავრცელებს, ამჯერად პრაისის მისამართით.

წერილს წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება, რომლის თანახმადაც:

  1. „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინოს ამ მიზნიდან“ და
  2. „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.

ნედ პრაისს არ უხსენებია ყოფილი პარლამენტარები და განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზე“ საუბრობდა.

დიმიტრი ხუნდაძის 22 ივლისით დათარიღებული წერილი კვლავ გაჟღენთილია ანტიდასავლური კონსპირაციის თეორიებით „საქართველოს ომში ჩართვაზე“, ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის როლს, იცავს მას და საუბრობს ახალ „იდეოლოგიურ წესრიგზე“, რომელშიც, მისი თქმით, საქართველოს ადგილი გაურკვეველია.

ხუნდაძე წერს, რომ სამივე დეპუტატის, – თავისი, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის, – სახელით ავრცელებს ამ წერილს. ძირითადი აქცენტები ასეთია:

„დემოკრატიული პროცესების გადაფასება“

დეპუტატები წერენ, რომ მათი ქმედება არ უქმნის საფრთხეს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს და მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო ნათელი გახდა, „რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველო და დასავლეთი“.

„ჩვენი ურთიერთობებიც და ვალდებულებებიც ორმხრივია. ახალი პოლიტიკური კონტურები მომავალში კავკასიის მეტ პოლიტიკურ დატვირთვაზე მიუთითებს. საქართველო კი კავკასიაში წამყვანი სახელმწიფოა. მიმდინარე პროცესების ფონზე გვიჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება დღეს დემოკრატიული ღირებულებების გადაფასება მსოფლიოში?” – კითხულობს ხუნდაძე.

„მართალია, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ მთავარ ღირებულებებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ დავღვარეთ სისხლი რუს ოკუპანტთან წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს იგი.

„საქართველოს ადგილი ახალ სამყაროში“

დიმიტრი ხუნდაძე კიდევ ერთ კითხვას სვამს, რომელიც „ახალი იდეოლოგიის“ პირობებში საქართველოს ადგილს ეხება:

„თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად არის საქართველოს ადგილი? ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას“?

ხუნდაძე აცხადებს, რომ „თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია“, რადგან ამ გზას პერსპექტივა არ აქვს.

„გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების წინააღმდეგ, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება. სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც, მაგრამ, ჯერჯერობით უშედეგოდ“, – წერს ხუნდაძე.

„იმედგაცრუება დასავლეთით“

ის ასევე აცხადებს, რომ მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, „გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ“, ხოლო ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა ქვეყნისათვის, „გააღიზიანა ქართველი ხალხი“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა კონსპირაციის თეორია, რომელსაც „ოცნების“ ლიდერები ავრცელებენ, რომლის თანახმადაც „უკრაინამ სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ომშია ჩართული“.

„საელჩო – პოლიტიკური მხარე“

პარლამენტარი კვლავ აკრიტიკებს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ამბობს, რომ არ ახსოვთ დეგნანის „არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ“, და ამბობს, რომ საელჩოს ხალხი „პოლიტიკურ მხარედ აღიქვამს“.

„არა მგონია, ამერიკაში კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს. რაც მიუღებელია თქვენთვის, ის მიუღებელია ჩვენთვისაც! რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის, ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც“, – წერს ხუნდაძე!

„ივანიშვილის შეურაცხყოფა არ დარჩება უპასუხოდ“

„რატომ ბიძინა ივანიშვილი? ეს კითხვა მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი არ აგვიხსნიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, თუ რა არის რეალური დემოკრატია“, – წერს ხუნდაძე და განავცრობს:

„დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის“?

ამის შემდეგ იგი კვლავ საუბრობს ივანიშვილის როლზე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ 2012 წლის არჩევნებში და ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში“.

„დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა“.

„უცხო ქვეყნების ჩარევა“

დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს „უცხო ქვეყნების უხეშად ჩარევაზე“ შიდა საქმეებში, თუმცა გულისხმობს არა რუსეთს, არამედ დასავლეთს, და წერს:

„არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს“.

„არ გვინდა, ვიდგეთ მუდმივად ნატოს მყარად დახურულ კარებთან და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს“, – აცხადებს იგი.

ხუნდაძის თანახმად, სამი დეპუტატის მთავარი მიზანია, „ქვეყანაში გადავარჩინოთ დემოკრატიული ღირებულებები და საქართველო ასცდეს მოსალოდნელ საფრთხეებს“.

ვრცლად ამ საკითხზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი