ახალი ამბები

“ჯარის არიდება ხმების სანაცვლოდ” – ანგარიში გოგაშვილის ფაილებზე დაყრდნობით

21 ივლისი, 2022 •
“ჯარის არიდება ხმების სანაცვლოდ” – ანგარიში გოგაშვილის ფაილებზე დაყრდნობით

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებენ  სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ანგარიშს, რომელიც არჩევნების გაყალბების სავარაუდო სქემას ასახავს.

დოკუმენტის თანახმადაც, “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, ცდილობდა წვევამდელებისთვის სამსახურის გადავადებას საარჩევნოდ პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ორგანიზაციების თანახმად, მათ გადაამოწმეს გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვეს ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა, სავარაუდოდ, შემდეგნაირად მუშაობდა:

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით ათამდე სხვადასხვა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, რომელიც გოგაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” რეგიონულ შტაბებს ეკუთვნოდა, ინფორმაცია სამ მისამართზე იგზავნებოდა: taso.butkhuzi@gmail.com, turqiadavid@gmail.com, gd.reg41@gmail.com.

აღნიშნული მეილებიდან ინფორმაცია თავს იყრიდა ერთ მეილზე securgd@gmail.com, საიდანაც ნაწილდებოდა ორ ელექტრონულ მისამართზე: gpataridze@justice.gov.ge-ზე და akhojevanishvili@yahoo.com-ზე.

გოგაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მეილები ეკუთვნოდა იუსტიციის იმდროინდელ მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.

„მამხილებლის მიერ მოწოდებულ მასალებში ასევე იძებნება დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია 25 წვევამდელ პირზე. სიის სათაურად მითითებული იყო შემდეგი მოთხოვნა: „აღნიშნული პირები არიან წვევამდელები, ითხოვენ სამსახურის გადავადებას, მხოლოდ მიაწერეთ, რამე ხომ არ გაქვთ საწინააღმდეგო“, – წერია ანგარიშში.

კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, ასევე სთავაზობდნენ:

  • პირობითი მსჯავრის გაუქმებას და საპყრობილიდან დროზე ადრე გათავისუფლებას,
  • შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
  • მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
  • სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
  • წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ

ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი