ახალი ამბები

„Hasta la vista, baby“ – ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში

20 ივლისი, 2022 • 1403
„Hasta la vista, baby“ – ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მის მომავალ შემცვლელს მიმართა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა საკუთარი პრემიერ-მინისტრობის ყველაზე დიდი მიღწევები დაასახელა, ბოლოს კი გამოსვლა ფილმ „ტერმინატორის“ ცნობილი ფრაზით დაასრულა:

„მინდა გამოვიყენო ბოლო წამები ჩემი შემცვლელისთვის რამდენიმე რჩევის მისაცემად. ამერიკელებთან ახლოს იყავით, მხარი დაუჭირეთ უკრაინელებს, მხარი დაუჭირეთ თავისუფლებას და დემოკრატიას ყველგან. შეამცირეთ გადასახადები და დერეგულირება მოახდინეთ, სადაც შეგიძლიათ, რათა გახადოთ ეს ადგილი საუკეთესო, სადაც ცხოვრება შეიძლება. ყოველთვის წინ იყურეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ უკან გახედვაც და გახსოვდეთ, მნიშვნელოვანი Twitter არ არის, მნიშვნელოვანია ხალხი, რომელმაც აქ მოგახვედრათ.

ბოლო წლები ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი დემოკრატიის ტანრსოფმირება და აღვადგინეთ ეროვნული დამოუკიდებლობა. მე დავეხმარე ამ ქვეყანას, გადაეტანა პანდემია და დავეხმარე სხვა ქვეყანას ბარბაროსობისგან გადარჩენაში. მისია დიდწილად მიღწეულია, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. Hasta la vista, baby, მადლობა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი პრემიერის პოსტს ტოვებს.

ჯონსონის განცხადებით, ნათელია, რომ კონსერვატიულ პარტიას სჭირდება ახალი ლიდერი. ასევე, ქვეყანას სჭირდება ახალი პრემიერ-მინისტრი.

მისი განცხადებით, ახალი ლიდერის არჩევის პროცედურის შესახებ დამატებით ცნობილი გახდება მომავალ კვირას.

ახალი ლიდერის არჩევამდე ბორის ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს.

სიტყვით გამოსვლის დროს მან ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ ბრიტანეთი კვლავ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას.

გადადგომას წინ უძღოდა კონსერვატორული პარტიისა და მთავრობის მიერ ბორის ჯონსონის კრიტიკა და მოწოდება მისი გადადგომის შესახებ.

რა ხდება ბორის ჯონსონის თავს 

თანამდებობაზე ყოფნის დროს ბორის ჯონსონი არაერთხელ გაეხვა სკანდალში. იგი პოლიციამაც კი დააჯარიმა კორონავირუსის რეგულაციების დარღვევისა და პანდემიის დროს წვეულებების გამართვის გამო, რასაც წინ უძღოდა მისი მთავრობის კრიტიკა.

თუმცა ბოლოდროინდელი განხეთქილება ყველაზე მასშტაბურია.

ამ შემთხვევაში, განხეთქილება ჯონსონსა და მისი მთავრობისა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა კრის პინჩერი პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურა ისე, რომ არ გაითვალისწინა პინჩერის წინააღმდეგ არსებული სექსუალური შევიწროების ბრალდებები.

მოწინააღმდეგეების თანახმად, ჯონსონმა შევიწროებაში ბრალდებულის შესახებ იხუმრა კიდეც, „პინჩერი (ინგლისურად მჩქმეტავი Pincher) გვარად, პინჩერია ბუნებითაც“.

ჯონსონის მოწინააღმდეგეების თანახმად, ამ ბრალდებების შესახებ მან წინასწარვე იცოდა, თუმცა არაფერი იღონა. შედეგად, 50-ზე მეტმა მაღალი თანამდებობის პირმა თანამდებობა დატოვა, რომელთა განცხადებითაც, არ სურთ ჯონსონისთვის ხელის დაფარება.

საბოლოოდ, ჯონსონმა მოიბოდიშა პინჩერის დანიშვნისთვის და აღიარა, რომ ბრალდებები მისთვის ცნობილი იყო.

საქმე ეხება კრის პინჩერის მიერ ბრიტანელი პოლიტიკოსის, ალექს სთორის შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს 2001 წელს, რა დროსაც, სთორის თანახმად, პინჩერმა საკუთარ სახლში მიიწვია, მასაჟის გაკეთება სცადა და ეუბნებოდა, რომ მასთან კავშირი პარტიაში სთორის წინსვლას შეუწყობდა ხელს.

2022 წლის ივლისში ცნობილი გახდა კიდევ ექვსი ბრალდების შესახებ, რა დროსაც პინჩერმა პარლამენტის წევრი სხვა კაცი დეპუტატებიც შეავიწროვა.

ლეიბორისტული პარტიის წევრების განცხადებით, კონსერვატორების გემი იძირება და იქიდან ვირთხები გაქცევას ცდილობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი