სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა.
საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, მერაბ ჯორბენაძის (თავმჯდომარე), ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.
ნიკა გვარამია სხდომაზე ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, ტელეწამყვან გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობი“) მიერ ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომელიც ასახავს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს. გვარამიამ თქვა, რომ ეს არის პირადი საუბრები, რომელიც არანაირ საზოგადოებრივ ინტერესს არ შეიცავს და მათი გავრცელება ქართული კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.
„არამხოლოდ ის უნდა ვეძებოთ, ვინც ეს [ჩანაწერი] გააკეთა, ასევე, უნდა ვეძებოთ, ვინც გაავრცელა. გამავრცელებელი არის შემსრულებელი. თუ იარსებებენ შემსრულებლები, ყოველთვის იქნებიან უკანონო დავალებების მიმცემები. ეს ეხება როგორც ფარული ჩანაწერის გამავრცელებლებს, ისე მოსამართლეებს, პროკურორებს და სხვა. უკანონო დავალებების გამცემ მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი სავსებით შესაძლოა, რომ შედგეს საქვეყნო ინტერესბიდან გამომდინარე, მაგრამ შემსრულებელმა შუა რგოლმა უნდა იცოდეს, რომ მათთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერასდროს შედგება და დიახ, მათი დამვალებლები შეიძლება დარჩნენ დაუსჯელები და შემსრულებლები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ“, — განაცხადა გვარამიამ.
გვარამია ასევე გამოეხმაურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ბოლოდროინდელ აქტივობას, რომელიც სატელევიზიო ეთერებში აშშ-ის საელჩოს ადანაშაულებს სასამართლოზე ზეწოლაში.
„მე არ ვიცი, რას ემსახურება მოსამართლის ეთერებში ტარება, რას ემსახურება ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები და აქამდე არ გამიგია, სასამართლოს მიმართ თავდასხმებები სტრატეგიულ პარტნიორზე. ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ჩემი განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება მისი მეუღლის და მისი შვილების ბულინგი. მე გამოვრიცხავ ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრის თუ სხვათა ჩართულობას ამ საქმეში. დაუშვებელია, და თუ ასეთი რამ ხორციელდება, ვგმობ და მოვითხოვ, ეს ყველაფერი შეწყდეს დაუყოვნებლივ. კეთილსინდისიერი იქნებოდა, თუ თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახის წევრებზე, მაგრამ მე არ მინდა, ბატონ ჩხიკვაძეს ვგავდე“, — თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ გაიხსენა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძემ დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო მისცა, შემდეგ კი სრულიად გაუგებარი მიზეზებით პროცესი 8 კვირით გადაიდო, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წინა პერიოდამდე.
„ჩხიკვაძემ ერთი გადაწყევტილებით შეაფერხა ევროპული პერსპექტივა — კარში შესვლამდე კარები დაკეტეს. ჩხიკვაძე აღმოჩნდა ამ ძალიან საბედისწერო გადაწყვეტილების ავტორი. არ უნდა აიღოს ასეთი ტვირთი ადამიანმა. ძალიან ცოტა თუ დარჩება ისტორიაში ძალიან მძიმე შეფერილობით ამ საკითხზე და, მით უმეტეს, მოსამართლე, მაგრამ ეს მისი არჩევანია, არა — ოჯახის წევრების. ვინც მას გააკეთებინა, უნდა ესმოდეს, რომ მისი მთავარი მტერია. ის არის პროფესიულად განადგურებული, ადამიანურად განადგურებული და ახლა ეთერიდან ეთერში რომ დაჰყავთ, ფიზიკურად განადგურებამდე მიჰყავთ. ეთერშიც ეტყობა [ჩხიკვაძეს], რომ არ არის კარგად. ადამიანის ასეთი ინსტრუმენტალიზება არ შეიძლება. ეს არაადამიანობაა, რასაც ჩხიკვაძეს უკეთებენ. გამომეტყველებაზე, სახის ფერზე, მეტყველაბზე, სხეულის ენაზე ეტყობა, რომ ზღვარზეა და თავს არ ანებებენ“, — განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, რაც მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადავადებით, არის საქართველოს ხელისუფლების დეგრადაციის ბოლო საფეხური.
„დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როცა სძულხართ, არის, როცა დაგცინიან. „ქართული ოცნება“ არის გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრება ყოველთვის ყველა ხელისუფლება“, — განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას დასცინიან დასავლეთშიც.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.