ახალი ამბები

ივანიშვილის ადვოკატები შვეიცარიულ მედიას წერილის არგამოქვეყნებისთვის საყვედურობენ

18 ივლისი, 2022 •
ივანიშვილის ადვოკატები შვეიცარიულ მედიას წერილის არგამოქვეყნებისთვის საყვედურობენ

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან დავაში, შვეიცარიულ მედიას აკრიტიკებს იმის გამო, რომ არ გააშუქა შვეიცარიელი კანონმდებლებისა და მარეგულირებლის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მიმართვა.

7 ივლისს „ემ-ქეი-დის“ მიერ გამოქვეყნდა პრეს-რელიზი, სათაურით „საყურადღებო სიგნალი შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანოსა და მარეგულირებლისთვის: Credit Suiss შვეიცარიის საფინანსო სისტემის იმიჯს ანგრევს“. ივანიშვილის მხარე აცხადებდა, რომ შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმშია და მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოს რეპუტაციას.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიელ კანონმდებლებსა და შვეიცარიულ მარეგულირებელ ორგანოებს ურჩევდა და მოუწოდებდა, სასწრაფო რეაგირება მოეხდინათ ბანკისა და მისი მენეჯმენტის მოქმედებებზე და ვიდრე ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის, მოექციათ სამართლებრივ და საფინანსო სექტორის ლოგიკის ჩარჩოებში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედიასაშუალებამ — არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ — არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა თუნდაც სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. შესაბამისად, სტატია თუ სიუჟეტი ყოველმხრივ ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნებოდა. ჩვენი მხრივ, დაფიქსირებული გვქონდა და გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერ შვეიცარიულ მედიასაშუალებას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მონაცემები“, — ნათქვამია იურიდიული ფირმის განცხადებაში.

MKD-ისთვის „საკვირველია, რომ არ მოიძებნა არც ერთი შვეიცარიული მედიასაშუალება, რომელიც გაახმოვანებდა შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით“. MKD კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას.

„შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს, ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“, — ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილს დაანონსებული ჰქონდა „კრედიტ სუსთან“ დავაზე  საზოგადოების სათანადო ინფორმირება და უახლოეს კვირებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიის მოწყობა.


2022 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა მეორედ უჩივლა “Credit Suisse”-ს. მის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ 6 მაისს გაავრცელა “Credit Suisse”-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს “მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი” მიადგა.

განცხადების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული.

თავად “კრედიტ სუისმა” უსაფუძვლო უწოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი