საზოგადოება

ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას მოაწყობს — Cision

9 მაისი, 2022 • 4719
ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას მოაწყობს — Cision

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს კვირებში Credit Suisse-თან დაკავშირებულ დავაზე საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას მოაწყობს, — ამის შესახებ ნათქვამია ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს მეორედ უჩივის, ამბობს რა, რომ ბანკის მიერ დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. შეფერხება ბანკის რწმუნებულმა „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემოთი“ დაასაბუთა. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ ის არ არის დაკავშირებული სანქცირებულ ორგანიზაციებთან და, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ბანკისგან დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილის მიერ წამოწყებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ისა და მისი განყოფილებების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს და 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სარჩელები. სინგაპურში სასამართლო დავა კი 2022 წლის სექტემბერში დასრულდება. პიარკომპანიის განცხადების თანახმად, ივანიშვილის მიზანია ამ საკითხზე საზოგადოების სათანადო ინფორმირება და უახლოეს კვირებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიის მოწყობას აპირებს.

„ეს დეტალურად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს Credit Suisse და, ზოგადად, შვეიცარიის საბანკო სისტემა და რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირებისას; როგორ შეუძლია რწმუნებულების „კეთილგანწყობა“ შეზღუდოს და თუნდაც თავიდან აიცილოს თანხების გაცემის ხელმისაწვდომობა. როგორ არ გააჩნია შვეიცარიის მარეგულირებელ FINMA–ს ეფექტური ინსტრუმენტები შვეიცარიის საბანკო სისტემაში უხეში დარღვევების თავიდან ასაცილებლად; როგორ იცავს შვეიცარიის პროკურატურა ბანკებს და ვერ ახერხებს მათ პასუხისგებაში მიცემას, სამაგიეროდ, ბრალს უყენებს მხოლოდ ერთ ინდივიდს, რომელსაც უწოდებენ „მარტოხელა მგელს“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ივანიშვილი მედიასთან ყოველ შეხვედრას მიუძღვნის ზემოაღნიშნულ თემას და „დაამსხვრევს მითებს“, რომლებიც დაკავშირებულია შვეიცარიის საბანკო და სასამართლო სისტემის შეუბღალავ იმიჯთან, ისაუბრებს ბოლო დროს განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე და იმაზე, რაც აღმოაჩინა ბანკსა და რწმუნებულზე.

ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავა მოიგო – FT

მასალების გადაბეჭდვის წესი