ეკონომიკა

ივანიშვილის აზრით, Credit Suisse-ის ქმედება ქართულ პოლიტიკას უკავშირდება

7 ივლისი, 2022 • 1752
ივანიშვილის აზრით, Credit Suisse-ის ქმედება ქართულ პოლიტიკას უკავშირდება

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან დავაში, აცხადებს, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის გადარიცხვაზე უარს ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, – სადაც ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციაა გაცემული, – რაც იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ტრანზაქციის შეფერხება შიდაპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.

ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში. ამას გარდა, კომპანია MKD კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარდა უშუალოდ ამ სასამართლო დავებისა, „ბიძინა ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის „სატრასტო“ კომპანიებისთვის“.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც“, – აცხადებს MKD.

ადვოკატების თანახმად, ბოლო პერიოდში მოვლენები ასე განვითარდა:

  • „ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა.
  • სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა.
  • აშკარა იყო, რომ საუბარი ეხებოდა უკრაინაში მიმდინარე ომს, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნესინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლებოდა მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.
  • თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა დაიწყო“, – აცხადებენ საადვოკატო ფირმაში.

MKD-ის განცხადებით, უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხგაცემულ საკითხებზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

საბოლოოდ, ადვოკატების თანახმად, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაჰპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გამოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, „თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს“.

MKD-ის განცხადებით, ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა „კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა“.

„სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან“, – წერია კომპანიის მიერ 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

MKD აცხადებს, რომ 2022 წლის 5 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

„ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება, უკეთეს შემთხვევაში, ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება“.

ადვოკატების შეფასებით, ბანკის ეს გზავნილი არის „როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია“.

„ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა. მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია“, – აცხადებენ ადვოკატები.

მიუხედავად ამისა, ადვოკატების განცხადებით, „ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე, ისე საუბრობს“.

„აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს. კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“, – აცხადებენ ადვოკატები.


2022 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა მეორედ უჩივლა “Credit Suisse”-ს. მის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ 6 მაისს გაავრცელა “Credit Suisse”-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს “მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი” მიადგა.

განცხადების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული.

თავად “კრედიტ სუისმა” უსაფუძვლო უწოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს

მასალების გადაბეჭდვის წესი