ახალი ამბები

შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ მოგვეწერა ხელი – დავითულიანი ჰააგაში სარჩელზე

14 ივლისი, 2022 • 1274
შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ მოგვეწერა ხელი – დავითულიანი ჰააგაში სარჩელზე

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატი ბექა დავითულიანის თქმით, შესაძლოა, საქართველო იმიტომ არაა ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ 40-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომ ეს თავად უკრაინის ხელისუფლებას სურდა.

საუბარია 40-ზე მეტი ქვეყანის ერთობლივ განცხადებაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ.

განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მანამდე, 40-მდე ქვეყანასთან ერთად, მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით.

„ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოვაწერეთ ხელი ჰააგაში უკრაინის მხრიდან წამოწყებულ სარჩელს. რაც შეეხება ამ ნაწილს, თქვენ თქვით, რომ 40 ქვეყანაა [რომელიც ხელს აწერს] და დედამიწაზე არსებობს 200-მდე ქვეყანა და არ ვიცი, ამ 40-ს შორის ჩვენ რატომ არ ვართ. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, გავარკვევ და გიპასუხებთ.  შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ ჩვენ მოგვეწერა ხელი, მათი ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე ესეც შეიძლება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.


რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის საფუძველზე, მიმართა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც 16 მარტს გამოსცა დროებითი ღონისძიება და რუსეთის ფედერაციას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.

ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი სახელმწიფოები და ევროკავშირი რუსეთს დაჟინებით მოუწოდებენ, შეასრულოს დროებითი ზომების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა დავის მხარეებისთვის.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, თუ რატომ არ არის საქართველო ICJ-ში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერებს შორის. საგარეო უწყებისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

საქართველო არაა ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ 40-ზე მეტ ქვეყანას შორის

მასალების გადაბეჭდვის წესი