ახალი ამბები

ჰარცელი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით NGO-ების მოსაზრებას იზიარებს

14 ივლისი, 2022 • 723
ჰარცელი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით NGO-ების მოსაზრებას იზიარებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იზიარებს აზრს, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პრიორიტეტიდან 11-ის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას.

ამის შესახებ ელჩმა მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა. ევროკავშირის ელჩს ჰკითხეს, თუ რას ნიშნავს „დეოლიგარქიზაცია“, რომელიც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წამოყენებული 12 პირობიდან ერთ-ერთია.

„ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანს წარმოადგენს გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მსგავსი პრიორიტეტები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვისაც, რადგანაც ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი.

იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ, იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი.

რამდენიმე დღის წინ  სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი გეგმა შეიმუშავა, სადაც ვნახე, რომ ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც, ევროკომისიის 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება.

არასამთავრობოების გეგმის თანახმად, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღება, ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება.

12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის – არასამთავრობო სექტორის გეგმა

მასალების გადაბეჭდვის წესი