საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ დასავლეთს საქართველოს ჩართვა სურს რუსეთ-უკრაინის ომში.
ამის შესახებ ელჩს კითხვები მოქალაქეებმა დაუსვეს.
კითხვაზე, რამდენად უკავშირდებოდა ამ ეტაპზე საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები, ელჩი პასუხობს, რომ ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა.
მისი თქმით, ამ კრიტერიუმებს შორის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა ნამდვილად არ არის.
„ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
კარლ ჰარცელის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამებ განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე.
„გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
ხელისუფლების მიერ ომში ჩართვაზე წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე გირჩევთ: