ახალი ამბები

NGO-ები EU-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პაპუაშვილს შეხვედრის მოწყობას სთხოვენ

12 ივლისი, 2022 • 603
NGO-ები EU-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პაპუაშვილს შეხვედრის მოწყობას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ მზაობას, რომ ჩაერთონ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, მოკლე ვადაში მოაწყოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა.

„მიგვაჩნია, რომ დღეს, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, ერთადერთ პრიორიტეტს წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულება. შესაბამისად, ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სწორედ ამ მიზნისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მიზნამდე მისასვლელ გზებზე შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, არის საკითხები, რომლებიც ცალსახაა თავად რეკომენდაციებიდან, და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების სივრცეს.

ევროკომისიის რეკომენდაციის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიან ჩართულობას ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების ინიციატივით, სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინაციაზე და ეფექტურ ჩართულობაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მათი თქმით, ეს ორგანიზაციები წლებია ევროკომისიის რეკომენდაციებით განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობენ და მათ მიერ ჩატარებული თემატური კვლევები, მომზადებული ანგარიშები, დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვები და მოსაზრებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება რეფორმების და ცვლილებების სწორად, საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით წარმართვისთვის.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვადასტურებთ ევროკომისიის 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მონაწილეობის მზაობას და მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოაწყოს სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების პროცესებში ჩართულობის ფორმატსა და შემდგომი მუშაობის პროცედურებზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ა(ა)იპ მედიაომბუდსმენი

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი