ახალი ამბები

მინისტრი ეპიდვითარებაზე: 100 და 500 რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, ეს არ არის პანიკის საფუძველი

11 ივლისი, 2022 • 698
მინისტრი ეპიდვითარებაზე: 100 და 500 რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, ეს არ არის პანიკის საფუძველი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მართალია, ბოლო 1 კვირაში კორონავირუსის 500 დღიური ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ეს არ ქმნის პანიკის საფუძველს.

მინისტრის თქმით, ამჟამად კოვიდვითარება ქვეყანაში სრულად მართვადია, ზრდა კი მკვეთრი არ არის.

„თუ აბსოლუტურ ციფრებში შევადარებთ, აბსოლუტურში და არა ისე, 10-ჯერ, 5-ჯერ გაიზარდა – მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალოდ 100 შემთხვევა იყო, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ 3,7-მილიონიან ქვეყანაში“, – დასძენს ის.

აზარაშვილი ამატებს, რომ ნერვიულობისა და სტრესის საფუძველი არ არსებობს და ადამიანებისთვის, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო მზადაა, ეს სერვისი გასცეს. მისივე თქმით, ასევე მარაგშია კოვიდის სამკურნალო პრეპარატიც.

„მინდა მივმართო მოსახლეობას: იმ შემთხვევაში, თუ ეს არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არაფერი სხვა და არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომი… როგორც მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იმავეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტები“, – ამატებს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე – თუ წინა კვირას 100 შემთხვევა დასტურდებოდა ყოველდღიურად, დღეს კი- 500, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მატება მართლაც ხუთჯერადია; ასევე, თუ განიხილება პირბადეების ტარების ვალდებულების დაბრუნება, მინისტრი პასუხობს:

„ამ მონაცემებით ამის საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იგეგმება. 100 და 500 რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, ეგ არ არის იმის საფუძველი, რომ რაღაც მძიმე ეპიდემიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ..“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ ბოლო პერიოდში სხვა რესპირატორული დაავადებებიც ბევრი იყო – „უბრალოდ, რადგან კოვიდპანდემიაა დაწყებული და მივყვებით ამ სტატისტიკის აღწერას, მივყვებით უბრალოდ. თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე წელს, გაცილებით მეტი გვქონდა სტატისტიკურად. პანიკის საფუძველი არ გვაქვს“.


საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. მაგალითად, 5 ივნისიდან 5 ივლისის პერიოდში რაოდენობა დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი