ახალი ამბები

კოვიდის ახალი ტალღა — ვინ უნდა გაიკეთოს ვაქცინის ბუსტერ დოზები

7 ივლისი, 2022 • 1273
კოვიდის ახალი ტალღა — ვინ უნდა გაიკეთოს ვაქცინის ბუსტერ დოზები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. როგორც გამყრელიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს, რაც ომიკრონის ორი ახალი ქვეშტამითაა განპირობებული. ეს შტამები უფრო მარტივი გადადების მაჩვენებლით ხასიათდება.

მიუხედავად შემთხვევებისა მატებისა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა ამ ეტაპზე გაზრდილი არ არის და კლინიკაში გადაყვანა პაციენტების მცირე ნაწილს სჭირდება:

ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე არ არის განსაკუთრებული. ძალიან მცირე ნაწილი ხვდება საავადმყოფოებში. მოგეხსნებათ, ახლა ყველა პირობაა ქვეყანაში. გვაქვს საკმაოდ ეფექტური ორი წამალი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გართულებები მინიმუმამდე შემცირდეს.

განსაკუთრებული არაფერი არ არის არცერთ რეგიონში, თითქმის ერთნაირი მაჩვენებელია, თბილისშია ცოტა მეტი. ბოლო სამი კვირაა, როგორც დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ინციდენტობა მატულობს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რომელიც არის სიკვდილიანობა, არ იმატებს. ასევე, ჯანდაცვის სექტორზეც ჯერჯერობით არ გამოიხატება დაწოლა“ ,— ამბობს ამირან გამყრელიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა პირისთვის, ვინც ამ დრომდე არ აცრილა, აცრილებმა კი მესამე, ბუსტერ დოზა უნდა გაიკეთონ. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც მესამე ბუსტერ დოზაც გაკეთებული აქვთ, მეორე ბუსტერის, ანუ მეოთხე დოზა ვაქცინის გაკეთების რეკომენდაციას ამ ეტაპზე მხოლოდ 50+ ასაკობრივ ჯგუფს ან/და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს აძლევენ. ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნა, გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, იმუნიზაციის საბჭო ამ საკითხზეც იმსჯელებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ასევე საჭირო არაა ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთება მათთვის, ვისაც ორი ბუსტერი, ანუ, ჯამში, ვაქცინის 4 დოზა აქვს გაკეთებული. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში სამი ბრენდის — ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის — ვაქცინების საკმარისი მარაგებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი